ახალი ამბები

შსს–ს თქმით, დაკავებულია ოქრუაშვილთან კავშირში მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 23 ივნისს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამოდენიმე წევრი ქართულ პარტიასთან არის დაკავშირებული და რომელთაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ედებათ ბრალი.

შსს–ს თქმით, ჯგუფს მაისის ბოლოს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებისას მისთვის სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინა. ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა მაისში, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეცვალა.

ქართულმა პარტიამ განაცხადა 22 ივნისს, რომ პოლიციამ პარტიის აქტივისტი ლევან ტერაშვილი, მისი ძმა და კიდევ ორი აქტივისტი დააკავა. ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ პოლიციამ ტერაშვილს სახლში იარაღი "ჩაუდო“.   

ამ განცხადების შემდეგ, შსს–მ 22 ივნისს მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამინისტრო 23 ივნისს ჩაატარებდა სპეციალურ ბრიფინგს, სადაც საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას "იმ გეგმების შესახებ, რომელიც ზემოთ ხსენებული პარტიის წევრებს მაისის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ“.

23 ივნისს შსს–მ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც რვა დაპატიმრებული მამაკაციდან, რამდენიმე მათგანი ჩვენებას აძლევს. მათი თქმით, ოქრუაშვილის ახლობელმა მალხაზ კაკაშვილმა, რომელიც არ არის დაკავებული, უთხრა მათ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი საქართველოში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გავლით აპირებდა ჩამოსვლას 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოებზე და ქართული პოლიციის სპეცრაზმის ბაზაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავიანთ ჩვენებებში ისინი აცხადებენ, რომ კაკაშვილი ვლადიკავკაზში შეხვდა ოქრუაშვილს, რათა ეს გეგმა განეხილათ. რამდენიმე დაკავებულმა ასევე განაცხადა თავის ჩვენებაში, რომ 22–23 მაისს რამდენიმე მათგანი გორიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, სოფელ ჯარიაშენში იყვნენ დაბინავებული და იქ ელოდნენ ოქრუაშვილის ჩამოსვლას, თუმცა ამ ადგილის დატოვება მოუხდათ მას შემდეგ, რაც ქართულმა პოლიციამ ტერიტორიის პატრულირება გააძლიერა.

შსს–მ ასევე გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, როგორც თავად აცხადებს, ამოღებული იარაღი, მათ შორის კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსსასროლი იარაღი, ასაფეთქებლები, ხელყუმბარები და ნაღმტყორცნები.  
 
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ქართული პარტიის თანადამფუძნებელმა ირაკლი ოქრუაშვილმა 22 მაისს განაცხადა, რომ იგი საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, რათა სააკაშვილის რეჟიმი დაესრულებინა და მისი პარტიის მიერ 25 მაისს დაგეგმილ "მრისხანების დღეში“ მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ორი დღის შემდეგ პარტიამ აქციის გამართვის გეგმები შეცვალა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილი, რომელსაც საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა.

     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button