
თარგამაძე ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის შეჩერებისკენ მოუწოდებს
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ჟენევის დისკუსიებიდან საქართველოს გამოსვლის თუ არა, მისი ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის „დროებითი შეჩერების“ საკითხი მაინც განიხილოს.
7 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებების მე–16 რაუნდის შემდეგ საქართველოს მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ ქართული მხარე იძულებული გახდება გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას ჟენევის მოლაპარაკებებისადმი, თუ რუსეთი განაგრძობს "სახელმწიფოს დაფინანსებით წარმართულ ტერორისტულ კამპანიას“. ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 4 ოქტომბერს იგეგმება.
21 ივნისს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ძალების ზრდას გეგმავს, ასევე სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს მოქალაქეების დაკავების ხშირი ფაქტები აზრს უკარგავს ქართული მხარის მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში.
"ურიგო არ იქნებოდა – შეიძლება ვიღაცას მკაცრად მოეჩვენოს ეს წინადადება – დაგვეყენებინა საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებიდან საქართველოს მხარის გამოსვლის თუ არა, დროებით ჩვენი მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თარგამაძემ.
„როცა ჩვენ ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გაზრდასთან დაკავშირებით აფხაზეთში… თითქმის ყოველკვირეული ხასიათი მიიღო ისეთი ტიპის ინციდენტებმა, რომლის შედეგადაც ზარალდებიან ეთნიკური ქართველები. არ არსებობს ძალა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახერხებდეს ამის პრევენციას. მე მიმაჩნია, რომ სრულიად გაუგებარია და ყოველგვარ აზრს მოკლებული მონაწილეობა პროცესში, რომელსაც მხოლოდ ქვია მოლაპარაკებები, მაგრამ ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას ამ ტერიტორიებზე, ვერ მივაღწიეთ რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულებას“, – განაცხადა მან.
როდესაც თარგამაძე აფხაზეთში სამხედრო ძალების ზრდის თაობაზე რუსეთის განზრახვაზე საუბროდა, მას მხედველობაში ჰქონდა რუსული საინფორმაციო ვებგვერდის Lifenews.ru–ს ინფორმაცია, რომელიც იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ 2013 წლიდან რუსეთი აფხაზეთში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გეგმავს, რათა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ უსაფრთხოება გააძლიეროს.
თარგამაძემ მოუწოდა საგარეო უწყებას გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და მისი დადასტურების შემთხვევაში „გადამწყვეტი და მკაცრიო ზომები“ მიიღოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საკითხი „ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზულია“, რომელსაც მთავრობამ ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი და ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, „უნდა ვიფიქროთ რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ქართული მხარე“.
თუმცა მან ასევე აღნიშნა: „ამ ეტაპზე, მოდით, ნუ დავკონკრეტდებით შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული ჟენევის ფორმატთან თუ რომელიმე სხვა პროცესთან. თქვენ თქვენი პოზიცია გაგაჩნიათ. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მე გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ აუცილებელია თვალი ვადევნოთ ამ პროცესს მაქსიმალურად მჭიდროდ“.
ოპოზიციურმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოუწოდა საპარლამენტო უმცირესობას თავი შეიკავოს იმ მოწოდებებისგან, რომ საქართველომ შეწყვიტოს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
„ნუ გააქეზებთ უმრავლესობას პროვოკაციული ნაბიჯებისაკენ. ჟენევის მოლაპარაკებებიდან გამოსვლა არის რადიკალური ნაბიჯი, რომლის შემდგომი დინამიკის გაგრძელების რესურსი ჩვენ არ გვაქვს. ეს აწყობს რუსეთს, რომ აჩვენოს, რომ საქართველო გასულია მოლაპარაკებების მაგიდიდან… ყველა სიმწვავისკენ გადადგმული ნაბიჯი ურტყამს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა ბაღათურიამ.
Lifenews.ru–ს ინფორმაციით, აფხაზეთში სამხედრო ძალების ზრდის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის და სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას შორის მოსკოვში 15 ივნისს გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ მხარეებმა შემდგომი სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
2009 წლის აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალების რაოდენობის თითოეულ რეგიონში 1 700–მდე შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება.
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა (International Crisis Group – ICG) განაცხადა აფხაზეთის შესახებ ანგარიშში, რომელიც 2010 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, რომ მართალია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა ციფრები მოჰყავთ და ის 1 700-დან 3 700-მდე მერყეობს, მაგრამ იმ დასავლელ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, რომლებსაც სატელიტურ მონაცემებზე მიუწვდებათ ხელი, რუსეთის შეიარაღებული ნაწილების რაოდენობა აფხაზეთში 4 000-დან 5 000-მდე მერყეობს. აქ შედის როგორც რეგულარული შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, ასევე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების და სანაპირო დაცვის ნაწილები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)