ახალი ამბები

ილია მეორე: სომხეთის კათოლიკოსი ‘ჭკვიანია, თუმცა მეტი გამოცდილება სჭირდება’


მარცხნიდან მარჯვნივ: სომხეთის ეკლესიის წინამძღვარი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი 
გარეგინ მეორე; პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია 
მეორე თბილისში, 10 ივნისი. ფოტო: სომხური ეკლესიის ვებგვერდი.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა 19 ივნისს, რომ სომხურ ეკლესიასთან რამდენიმე ტაძრის კუთვნილებასა და სამართლებრივ სტატუსზე დავის მოგვარებას მეტი დრო დასჭირდება.

სომხეთის ეკლესიის წინამძღვარის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის ვიზიტზე საუბრისას ილია მეორემ განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში თავის საკვირაო ქადაგებაში, რომ გარეგინ მეორე ჭკვიანი, მაგრამ ახალგაზრდაა, რომელსაც მეტი გამოცდილება სჭირდება.

"იგი ახალგაზრდაა და შეიძლება ვთქვა, რომ მეტი გამოცდილება სჭირდება", – განაცხადა  ილია მეორემ.

"მე მინდა ვთქვა, რომ ჭკვიანი კაცია, მაგრამ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა და ასე არ გამოდის. მე ვუთხარი მას, რომ მე მაქვს დიდი გამოცდილება, 33 წელი და ამიტომ სიმშვიდე ყველაფერს სჯობია", – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

"იყო ლაპარაკი ურთიერთობაზე. სომხებს აქვთ სურვილი, რომ გახსნან კიდევ ტაძრები საქართველოში; ჩვენ შევთავაზეთ, რომ ისეთი დამოკიდებულება უნდა იყოს ჩვენს შორის, რომ რაც გაკეთდება აქ სომხური, ის უნდა გაკეთდეს ქართული სომხეთში. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალში უფრო კარგი თანამშრომლობა გვექნება", – განაცხადა მან.

ილია მეორემ განაცხადა გარეგინ მეორეს ვიზიტის დროს, რომ სომხეთში ქართული ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი იგივე უნდა იყოს, რაც სომხურ ეკლესიას გააჩნია საქართველოში.

19 ივნისს საქართველოს პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ ქართული ეკლესია "ღიაა“ ყველასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ "საქართელოს ეკლესია არ დაუშვებს იმას, რომ დაიჩაგროს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა“.

"ჩვენ ორმხრივი დიალოგი გვაქვს რომის კათოლიკეებთან, ანგლიკანებთან, სხვადასხვა წარმომადგენლებთან და ამიტომ საქართველო და ჩვენი ეკლესია ღიაა. ჩვენ სიამოვნებით ვაწარმოებთ ორმხრივ დიალოგს სხვადასხვა ხალხთან და ჩვენ ამაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს რწმენას, ჩვენს კულტურას, ჩვენს სულიერებას", – განაცხადა მან.

გარეგინ მეორე, რომელიც აგვისტოში 60 წლის გახდება და რომელიც სომხური ეკლესიის წინამძღვარი 1999 წელს გახდა, საქართველოს 10–15 ივნისს სტუმრობდა.

ერთ–ერთი საკითხი, რომელიც ილია მეორესთან და ასევე პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრებზე იქნა განხილული რამდენიმე ეკლესიის საკუთრების შესახებ დავაც იყო. სომხური ეკლესია თბილისში მდებარე ხუთი და ახალციხეში ერთი ეკლესიის დაბრუნებას ითხოვს. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლებების შესახებ ნათქვამია, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დავის საგნად რჩება სულ ცოტა 30 სხვა ეკლესიის სტატუსიც.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სომხეთში, ლორის რაიონში მდებარე რამდენიმე შუასაუკუნოვანი ტაძარი და ასევე სოფელ ახტალაში მდებარე ეკლესია მისი საკუთრებაა.

კიდევ ერთი სადავო საკითხია საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი. სამართლებრივი სტატუსის მისაღებად, რელიგიურ ჯგუფებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, შეუძლიათ კერძო სამართლის არაკომერციულ პირებად დარეგისტრირდნენ. თუმცა, ეს რელიგიური ჯგუფები, მათ შორის სომხეთის სამოციქულო ეკლესია და რომის კათოლიკური ეკლესია, აცხადებენ, რომ რეგისტრაციის ამგვარი ფორმა მათ ოფიციალურ რელიგიებად აღიარების პრივილეგიას ართმევს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button