ახალი ამბები

სააკაშვილი ‘მოღალატეების ჯგუფებზე’ საუბრობს


სააკაშვილი 13 ივნისს პრეზიდენტის სასახლეში ლეპტოპებს გადასცემს იმ მოსწავლეებს, 
რომელთაც უმაღლესი ქულები მიიღეს საატესტატო გამოცდებზე. ფოტო: პრეზიდენტის ვებგვერდი.

ქართული საზოგადოების დაყოფა, რაც წარსულის გადმონაშთია, უკვე იმდენადაა ფესვებგადგმული, რომ ბოლო თვეებში "მოღალატეებმა“ ცალკე ჯგუფებიც კი შექმნეს, რადგან ისიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ "ერთიანად უღალატონ“ ქვეყანას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 ივნისს. 

"ყველას ერთი პროგრამა აქვს: შევეკრათ რუსებს, დამპყრობლებს, დავამხოთ ჩვენი ქვეყანა და მოვამთავროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ აქ 5-6 ჯგუფი ერთმანეთს დღე და ღამე ჭამს. ისიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ ერთიანად უღალატონ და ცალ-ცალკე ღალატობენ ქვეყანას. მოდი ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი ყოველგვარი ევროპული დიპლომატიური ენის გარეშე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებთან შეხვედრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც გარკვული ძალები ძალაუფლების მოპოვების მიზნით საკუთარ ქვეყანას ღალატობდნენ; ამიტომ, "ახალი არაფერია“, როდესაც ზოგიერთი ძალები ფულს იღებენ ხელისუფლების დამხობის მცდელობის სანაცვლოდ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი ქუჩის საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ ფინანსდებოდა. "ამაში უკვე ეჭვი არავის არ შეაქვს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახალი თაობის გაჩენასთან ერთად თანდათან "თამაშის წესებიც“ იცვლება.

"ჩვენ ჩვენ ბედზე ვართ პასუხისმგებლები – წესები იცვლება. გაჩნდა ახალი თაობა, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი წყდება არა მოსკოვში, არა ვაშინგტონში, არა ავსტრალიაში, არამედ აქ, საქართველოს მიწაზე – მრავალეთნიკური ქართველი ერის, საქართველოს ხალხის მიერ,“ – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ თამაშის ახალ წესებს "პოლიტიკურ ჯგუფთა საკმაოდ დიდი რაოდენობა სხვაგვარად უდგება“.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button