ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე სახალხო კრების აქციაზე მივიდა

ქართული პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე დღეს საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ განაცხადა, რომ სახალხო კრების ერთ–ერთ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან პოზიციების შეჯერება ერთობლივ ქმედებებზე ვერ მოახერხა.

ლევან გაჩეჩილაძეს აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთმანეთის „ლანძღვა, ქილიკი, გინება ან ეჭვიანობა“ საქმეს „კლავს, პირველობისთვის ბრძოლა იქნება ეს, მეორეობისთვის, მესამეობისთვის თუ მეოთხეობისთვის“.
 
მისი თქმით,  უნდა იყვნენ მხნედ, რადგან "არ შეიძლება დღეს ამ წუთში, ამ წამს შიში შემოგვეპაროს გულში“.
 
გაჩეჩილაძის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ არ არის თბილისში და საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომელსაც გულში არ ქონდეს "მოხვედრილი ამ ხელისუფლების ძალადობა, მაგრამ ზიან და გიყურებენ რას გააკეთებთ“. 

"ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ უმაგათოთ [ხალხის გარეშე] ვერ გავაკეთებთ. მე კიდევ ერთხელ ვიძახი და მოვუწოდებ არავინ არავის გულისთვის აქ მოსასვლელად მზად არ არის, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გულისთვის“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ. „წაიქცევი აგაყენებ, წავიქცევი ამაყენე… იმიტომ რომ საქართველო დგას ჩვენს უკან  – ეს არის მთავარი სათქმელი. რამდენჯერაც არ წავიქცევით, ერთმანეთი ავაყენოთ. ვინ რა მესიჯს გამოუშვებს, ეს მეორეხარისხოვანია“.

გაჩეჩილაძის თქმით, იგი დღეს აქციის მონაწილეებთან ერთად იქნება.

სუბარმა და კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადეს, რომ ქართული პარტიის მიერ დაგეგმილი აქციის და ირაკლი ოქრუაშვილის თბილისში დაბრუნების გეგმების გაუქმების მიუხედავად, პარტიის აქტივისტები თავისუფალი არიან არჩევანში მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა სახალხო კრების აქციაში.

Back to top button