ახალი ამბები

თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს

რუსეთს „არა აქვს  მორალური უფლება ისაუბროს ადამიანის უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე,“ განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ვეკუამ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების კომენტირებისას.  

23 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყებამ გააკრიტიკა „სააკაშვილის რეჟიმი“ მისი ოპონენტების შეკრებებისა და გამოხატვის უფლებების შელახვის გამო და "შემდგომ დესტაბილიზაციაზე“ გააფრთხილა, თუ საქართველოს ხელისუფლება "არ შეწყვეტს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას“.

ვეკუას თქმით, რუსეთის ოფიციოზი „ზრუნვას" იჩენს საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ის „2008 წელს უმოწყალოდ ბომბავდა და რომლის წინააღმდეგაც გეგმავს და ახორციელებს ტერორისტულ აქტებს“.

„სასაცილოა, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ განცხადებებს აკეთებს იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა…ეს სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და ადვოკატებს ქალაქების ქუჩებსა და ციხეებში კლავენ“, – ნათქვამია ვეკუას განცხადებაში, რომელიც საგარეო უწყებამ 24 მაისს გამოაქვეყნა. “ადამიანის უფლებებზე საუბრობს იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთგზის მოაწყო ეთნიკური წმენდა და სწორედ ეთნიკური ნიშნის მიხედვით განდევნა ადამიანები როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ისე რუსეთიდანაც“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, და „თბილისში შეუფერხებლად მიმდინარე აქციები სწორედ ამის დასტურია“.

„საბედნიეროდ, მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი სახელმწიფო დარჩა, რომელსაც არა აქვს  მორალური უფლება ისაუბროს ადამიანის უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე. მათ რიცხვს განეკუთვნება რუსეთის ფედერაცია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button