ახალი ამბები

სააკაშვილი ‘საქართველოში რუსეთის მთავარ დასაყრდენ ძალებზე’ საუბრობს

"გადაგვარებული ყოფილი სეპარატისტები“, ტერორიზმში ეჭვმიტანილები და "ქუჩაში მორბენალი ყოფილი პოლიტიკოსები“ ის ძალები არიან, რომლებიც რუსეთის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ საქართველოზე გავლენის დაბრუნების მიზნით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 მაისს.

თბილისში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იერჟი ბუზეკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. მედვედევმა აღნიშნა, რომ 2008 წლის მოვლენებმა რუსეთს სიძლიერე აგრძნობინა.

"განცხადება იმის თაობაზე, რომ მოხდა რუსეთის სიძლიერის დემონსტრირება, რბილად რომ ვთქვათ არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოდან გასული სამ წელიწადზე ნაკლები ნათელი დემონსტრაცია იყო რუსეთის პოლიტიკის სისუსტის,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "თქვენ გახსოვთ იგივე რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მე ვარ ‘პოლიტიკური ცხედარი’, მაგრამ უკვე ცხედარი ვარ ბოლო სამი წელიწადია; მე მგონი ცოტა უკეთესად გამოვიყურები, ვიდრე ის, რაც მან აღწერა თავის სიტყვებით“.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ჩამოშლილიყო, რასაც რუსეთი გეგმავდა თავისი სამხედრო ინტერვენციით, საქართველო "გახდა ამ რეგიონის მთავარი რეფორმატორი“.

"ნუთუ რუსეთის მთავრობისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ქვეყანა ყოლოდა თავის მოკავშირედ? ნუთუ არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო მათი პარტნიორი და მათი მეგობარი?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"დღეს ვინ არის რუსეთის მოკავშირე საქართველოში? გადაგვარებული ყოფილი სეპარატისტები, რომლებიც ახლა არიან ოკუპანტთა სამსახურში; მათი [რუსეთის] მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი დანარჩენ საქართველოში ეს არის "კოჭოია" [რომელიც შემოდგომაზე თბილისში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით დააპატიმრეს] გალიდან და ესენი არიან ქუჩაში მორბენალი ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც მსოფლიო რეკორდებს ამყარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში თავისი არაპოპულარულობით, რაც გადაზრდილია ლამის ხალხის მხრიდან მათ სიძულვილში – სრულიად დამსახურებულად, მინდა ავღნიშნო. ნუთუ ამ მოკავშირეებით აპირებენ ისინი თავისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ამ რეგიონში?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გახსნილი ვართ რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის; რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ღიად გავუზიაროთ რუსეთს ჩვენი რეფორმების გამოცდილება და ამის გარდა, უბრალოდ გვქონდეს ადამიანური, ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები იმ პირობებში, რომ ისინი გვაღიარებენ სახელმწიფოდ და დაუწყებენ საუბარს ჩვენს დემოკრატიულად არჩეულ ამჟამინდელ ხელისუფლებას,“ – დასძინა მან.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button