skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში თურქეთს სტუმრობს

სერგეი ბაღაფში ანკარაში, კავკასიური ასოციაციების ფედერაციაში გამართულ შეხვედრაზე, 7 აპრილს. ფოტო ფედერაციის ვებ–გვერდიდან.  

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 7 აპრილს თურქეთში ოთხდღიანი ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც იგი აფხაზურ დიასპორას შეხვდება და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავს, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვიზიტი ანკარაში არსებული კავკასიური ასოციაციების ფედერაციის და აფხაზური ასოციაციის ფედერაციის მოწვევით ხორციელდება.

ვიზიტის ფარგლებში ბაღაფში ასევე ეწვევა სტამბულს და ადაპაზარის.

"აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბაღაფშთან ერთად თურქეთს ასევე სტუმრობენ სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ილარიონ არგუნი, დეპუტატი ტაალი ხვატიში, აფხაზ მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ლეონიდ ოსია და რეპატრიაციის საკითხებზე სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ადლეიბა.     

თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები იმ ათობით ათასი მუსულმანი აფხაზების შთამომავლები არიან, რომლებიც ოსმალეთის იმპერიაში კავკასიის მუსულმანთა იმ ერთიანი მიგრაციის პროცესის ფარგლებში გადასახლდნენს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნეში. აფხაზეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ერთ–ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების შთამომავლების რეპატრიაციაა.

სერგეი ბაღაფში თურქეთში სტუმრობას ჯერ კიდევ 2007 წელს გეგმავდა; თუმცა, მაშინ ანკარამ მისი ვიზიტი გააუქმა.

ბაღაფში თურქეთს დაახლოებით ათი წლის წინ სტუმრობდა და აფხაზურ დიასპორას შეხვდა. იმ დროს, 1999–2000 წლებში იგი სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი იყო.

2010 წლის აგვისტოში „რია ნოვოსტი“–სთან ინტერვიუში ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი ახლო მომავალში თურქეთისგან აღიარებას არ ელის, თუმცა თურქეთთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სურს.

”[სოხუმს აქვს] ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთთან. იქ დიდი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს… რთულია ჩემთვის პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, რადგანაც მესმის თურქეთის შიგნით არსებული ვითარება; უახლოეს მომავალში თურქეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ ველი,” – განაცხადა ბაღაფშმა.
 
”მაგრამ ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრე ვართ; ეს ეკონომიკურით [ურთიერთობებით] უნდა დაიწყოს, ხალხის გადაადგილებით, კავშირები უნდა გაიხსნას აფხაზეთსა და თურქეთს შორის. ეს ის პროცესებია, რომელთა დაწყებაც შესაძლებელია,” – განაცხადა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button