ახალი ამბები

სააკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ერთი კვირაა აშშ–ში იმყოფება, ამერიკელ სენატორებს შეხვდა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 17 მარტს. 

სააკაშვილმა ცალკე შეხვედრები გამართა სენატორ ჯოზეფ ლიბერმანთან და  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ჯინ შაჰინთან. ეს უკანასკნელი ინიციატორია საქართველოზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებას.

პრეზიდენტი სააკაშვილი გაფართოებულ ფორმატში ასევე შეხვდა სენატში დემოკრატების ლიდერს ჰარი რეიდს, რესპუბლიკელების ლიდერს მიჩ მაკონელს, სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს კარლ ლევინს, სენატორებს ჯონ მაკკეინს, საქსბი ჩამბლისს და ბენჟამინ კარდინს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯონ მაკკეინმა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

17 მარტს დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა ბრუკინგსის ინსტიტუტში, სადაც იგი გააკეთებს მოხსენებას სახელწოდებით "პოპულარული რევოლუციებიდან ეფექტურ რეფორმებამდე: საქართველოს გამოცდილება“.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button