ახალი ამბები

სააკაშვილი: “საქართველო სოჭის ოლიმპიადას ნულოვან საფრთხეს უქმნის“

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის "ფიზიკური საფრთხის“ შექმნა "არც ჩვენ გეგმებში შედის და არც ჩვენს შესაძლებლობებში,“ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან პირველი საინფორმაციო კავკასიურ არხთან (PIK) ინტერვიუში.

ჟურნალისტის თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედევედევის განცხადებაზე, რომელმაც სოჭის ოლიმპიადის საფრთხეებზე საუბრისას ხელი საქართველოსკენ გამოიშვირა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო "ნულოვან საფრთხეს უქმნის“ ოლიმპიურ თამაშებს.

"რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ პრობლემას [სოჭის ოლიმპიადასთან მიმართებაში], ეს უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ოლიმპიადის ადგილიდან  რამოდენიმე კილომეტრში რუსეთმა ოფიციალურად, პოლიტიკურ დონეზე მოახდინა ეთნიკური წმენდის ლეგალიზება [აფხაზეთში],“ – განაცხადა მან, "ამ თვალსაზრისით, მათ აქვთ პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენ არ შეგვიქმნია. მოხარული ვიქნებით, თუ ამ პრობლემას რუსეთთან ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ“. 

მისი თქმით, 2007 წელს საქართველომ "ღიად და დიდი ენთუზიაზმით“ დაუჭირა მხარი სოჭში 2014 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, "რადგანაც მე მიმაჩნდა, რომ ეს დაგვეხმარებოდა თავიდან აგვეცილებინა ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნებოდა იმ დროს, განსაკუთრებით აფხაზეთთან, ანუ ჩვენ ტერიტორიასთან მიმართებაში“.

კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთი კვლავ დაესხას თავს საქართველოს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა  მზად არ არის "ფიზიკურად“ ასეთი ნაბიჯისთვის.

"მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს იქნებოდა თვითგამანადგურებელი [რუსეთისთვის]; მაგრამ ეს ჩემი ლოგიკაა. ჩემთვის რთულია ვიმსჯელო მათი თვალისაზრისიდან; ამიტომ, ჩვენ ფრთხილად ვართ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ჩრდილოეთ კავკასიასთან კავშირები

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ძალისხმევა კავშირი დაამყაროს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან რუსეთს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, ვინაიდან თბილისის მიზანს არ წარმოადგენს "საზღვრების გადახედვა“. "საქართველომ თავად იზარალა საზღვრების გადახედვის მიმართულებით რუსეთის ცალმხრივი მცდელობის გამო,“ – განაცხადა მან.

"კავკასია მხოლოდ მაშინ გახდება მშვიდობიანი, როდესაც მისი საზღვრები სიმბოლური გახდება – თუმცა ისინი იარსებებს; როდესაც პასპორტებს მეორადი მნიშვნელობა ექნება და როდესაც ეთნიკურ წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ რუსეთის მტერი გრძელვადიან პერსპექტივაში – რუსეთი თავად მოიქცა მტრულად. როგორც კი დამთავრდება ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, ჩვენ ისევ მეგობრები გავხდებით,“ – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button