ახალი ამბები

სააკაშვილი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

სპიკერი ჯონ ბეინერი პრეზიდენტ სააკაშვილს მასპინძლობს, 12 იანვარი 2011 წელი. ფოტო: სპიკერის ოფისი

აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი 12 იანვარს ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მას საქართველოს პრეზიდენტთან “კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რომ საქართველოს თავისუფლებისადმი და დემოკრატიისადმი ერთგულებას საფრთხე არ შეექმნას“.

რესპუბლიკელი ჯონ ბეინერი წარმომადგენელთა პალატის ახალ სპიკერად 5 იანვარს აირჩიეს.

"ამერიკელი ხალხი იდგება მათ გვერდით, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის დესპოტიზმის წინააღმდეგ, ღირსებისთვის უღირსობის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის დამონების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ბეინერმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს იმისათვის, რომ ის "მნიშვნელოვანი მოკავშირეა ტერორიზმისა და რადიკალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ” ბრძოლაში და ასევე ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. 

ჯონ ბეინერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოქალაქეთა როლი და მათი ჩართულობა მმართველობაში და "პოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საჭიროება“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სააკაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენებს დევიდ დრაიერსა და ბილ შუსტერსაც შეხვდა; ასევე მოლაპარაკება გამართა სენატორ ჯოზეფ ლიბერმანთან.

პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. პარასკევს კედენის ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მოქმედი პრეზიდენტი. ღონისძიებას ასევე ესწრება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაგეგმილია აშშ–ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას და სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის სიტყვით გამოსვლა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button