ახალი ამბები

პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა პოლიციელი ოთარ გვენეტაძე, რომელმაც ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლის დროს, სამინისტროს თქმით,  ‘ეთიკის კოდექსის ნორმები’ დაარღვია.

"2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა უკანონო ქმედებების აღკვეთის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის – ოთარ გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან,“– ნათქვამია შსს–ის მიერ 5 იანვარს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

აქციის დაშლის ამსახველ ვიდეო–კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი ქალბატონს. აღნიშნული პირი გავრცელებულ ვიდეო–მასალაზე დაყრდნობით სოციალური ქსელების მეშვეობით ამოიცნეს და ის შსს–ის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე აღმოჩნდა. ის ქალბატონი კი, რომელსაც ის ფიზიკურად გაუსწორდა, ქართული პარტიის აქტივისტი ეკა მათიაშვილი იყო.

შსს–მ გვენეტაძის დათხოვნის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ქართულმა პარტიამ ინციდენტზე რეაგირების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა.

This post is also available in: English Русский

Back to top button