skip to content
ახალი ამბები

მედვედევი: საქართველომ დსთ–ს დატოვებით ვერაფერი მოიგო

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დატოვებით საქართველომ ვერაფერი ვერ მოიგო, თუმცა დაკარგა „ფორუმი“, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა ერთდროულად შეხვედროდა პოსტ–საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას.

“გარკვეული სირთულეები დსთ–ის საქმიანობაში ყოველთვის იქნება. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სხვა ფორუმი, სადაც შევათანხმებთ ჩვენ ინტერესებს ფაქტიურად მთელი პოსტ–საბჭოთა სივრცის მასშტაბით,“– განაცხადა მედვედევმა პრესკონფერენციაზე, რომელიც დსთ–ს ლიდერთა მოსკოვის სამიტის შემდეგ გაიმართა.

“მათ ვინც დატოვეს ეს ფორუმი – და ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ საქართველოზე – ვერაფერიც ვერ მოიგეს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ურთიერთობა იქონიონ ყველა ქვეყანასთან ერთობლივად, შეთანხმებების ნაწილმა მათთვის აზრი დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ასეთი ნეგატიური კუთხით, დსთ ადასტურებს თავის უნარს მოაგვაროს ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, გვეხმარება ჩვენ ერთობლივ განვითარებაში,“– განაცხადა მედვედევმა.

საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც დსთ–ში შესვლა გადაწყვიტა 1993 წლის დეკემბერში და პირველი, ვინც დატოვა ეს თანამეგობრობა, რომელშიც ამჟამად 11 პოსტ–საბჭოთა ქვეყანა რჩება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დსთ–ს დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა მაშინვე, როცა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება შეწყდა. "ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი აქ არასდროს არ დაბრუნდება,”- განაცხადა მაშინ სააკაშვილმა.

საქართველომ დსთ ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს, ერთწლიანი შესაბამისი შიდა პროცედურების გავლის შემდეგ დატოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დსთ-ს დატოვების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ორგანიზაციის ფორმატში გაფორმებული 75 მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button