skip to content
ახალი ამბები

საქართველო WikiLeaks–ის მორიგ პუბლიკაციებში

WikiLeaks-მა, რომელიც აგრძელებს აშშ-ის კონფიდენციალური დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნებას, 29 ნოემბერს თავის ვებგვერდზე რამოდენიმე დოკუმენტი დადო, რომლებშიც საქართველოც არის ნახსენები.

კერძოდ, ერთგან საქართველო ამ წლის დასაწყისში აშშ-საფრანგეთს შორის სტრატეგიული დიალოგის დროს არის ნახსენები, ხოლო მეორე დოკუმენტში აღწერილია ჩინელი დიპლომატის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილზე ”უჩვეულოდ პირდაპირი” საუბარი.

(მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომია იმ დოკუმენტების მიმოხილვა, სადაც  საქართველოა ნახსენები და რომლებიც 28 ნოემბერს გამოქვეყნდა WikiLeaks-ის ვებგვერდზე).
 
ფრანგი დიპლომატი: რუსეთი არასოდეს შეცვლის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე გადაწყვეტილებას

სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც 2010 წლის იანვარში ვაშინგტონში გამართულ აშშ–საფრანგეთის სტრატეგიულ დიალოგს ეხება, ფრანგი დიპლომატი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ აფერხებს საქართველოს თემა რუსეთთან ურთიერთობებში გარკვეულ საკითხებზე შესაძლო პროგრესს.

საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, ჟაკ ოდიბერმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა, უსაფრთხოების და განიარაღების დეპარტამენტის დირექტორმა, განუცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს და თავდაცვის მდივნის მოადგილეს მიშელ ფლორნოის, რომ მოსკოვის მიერ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მომზადებული ხელშეკრულებები "მიუღებელია“ და „პროვოკაციაა“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პარიზის სურვილია მოსკოვის ეს წინადადებები გამოიყენოს, რათა რუსეთთან დიალოგში შევიდეს და ახალი მიდგომები შეიმუშაოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კრიზისების მართვა და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება. 

თუმცა, ამავე დოკუმენტის თანახმად, ოდიბერმა განაცხადა, რომ ამ საკითხებზე პროგრესს დიდად აფერხებს საქართველოს საკითხი, რაც მისი აზრით, რთული მოსაგვარებელია, ვინაიდან "რუსეთი არასოდეს შეცვლის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, ისევე როგორც არასოდეს აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მის ტერიტორიაზე, მათ შორის ორ ანკლავზე [აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი].“

ჩინელი დიპლომატი: "სააკაშვილი არ არის მომწიფებული სახელმწიფო მოხელე“

ყაზახეთში აშშ–ის საელჩოს მიერ 2009 წლის ივნისში ვაშინგტონში გაგზავნილ მოხსენებაში, რომელიც დეტალურად აღწერს ასტანაში აშშ–ის ელჩს რიჩარდ ჰოგლანდს და მის ჩინელ კოლეგას ჩენ გოპინს შორის გამართულ საუბარს, ნათქვამია, რომ ჩინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთი ძალას გამოიყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსაგდებად.

ამ დიპლომატიური გზავნილის თანახმად, ჩინეთის ელჩი სააკაშვილზე "უჩვეულო პირდაპირობით“ საუბრობს და მას ”მოუმწიფებელ სახელმწიფო მოღვაწედ” მოიხსენიებს.

მისი თქმით,  სააკაშვილმა "გადამეტებული რეაგირება მოახდინა რუსეთის პროვოკაციებზე” და რუსეთს შესაძლებლობა მისცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაეკავებინა.

"აშკარაა, რუსეთმა სატყუარა გადაუგდო და მოატყუა საქართველო,“ – განაცხადა მან.

ჩენ გოპინმა, რომელიც 1997–2001 წლებში ჩინეთის კონსული იყო საქართველოში, თავის ამერიკელ კოლეგასთან საუბარში ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე აშშ–ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტმა თბილისში შესაძლოა ირიბად უბიძგა სააკაშვილს სამხედრო ქმედებებისკენ. დოკუმენტის თანახმად, ჩენ გოპინმა განაცხადა, რომ მისი აზრით, სააკაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა კონდოლიზა რაისს ქართული არმიის მობილიზების გეგმებზე და როდესაც სახელმწიფო მდივანი პირდაპირ არ შეეწინააღმდეგა მას, სააკაშვილმა ეს მიიღო, როგორც აშშ–ს მხარდაჭერის ნიშანი.

იმავე დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის ელჩმა საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე „გაცილებით უფრო მომწიფებულ“ პოლიტიკოსად დაახასიათა, ვიდრე სააკაშვილი და იქვე დასძინა, რომ ბურჯანაძე შესაძლოა საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი გახდეს. დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის ელჩმა შარშან  გააკეთა პროგნოზი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი "დიდხანს ვერ დარჩება“ თანამდებობაზე.

ჩენ გოპინი, რომელიც 2008–2009 წლებში ჩინეთის ელჩი იყო ყაზახეთში, ამჟამად ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button