სემნები სოხუმს სტუმრობს
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები 14 ივლისს სოხუმში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და პრემიერ–მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.
საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი“ იტყობინება ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სოხუმი "არ ითხოვს აღიარებას“ ევროკავშირისგან, რომელიც სეპარატისტული რეგიონების მიმართ არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკას ახორციელებს. ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმს "ესმის სიტუაცია და [ევროკავშირის] დამოკიდებულება ჩვენს მიმართ“.
"ამავე დროს ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ აუცილებელია წინსვლა,“ – განაცხადა ბაღაფშმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სოხუმის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ "ეს დოკუმენტი არის ქართველი ჩინოვნიკების შიდა მოხმარებისთვის“.
"მასში არაფერია რეალური და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგანაც ჩვენ არ ვართ საქართველოს ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ,“ – განაცხადა ბაღაფშმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)