
ევროკავშირი და აშშ აფხაზეთის არჩევნებს არ ცნობენ
ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ სეპარატისტულ აფხაზეთში 12 დეკემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ნათქვამია ევროკავშირის და აშშ-iს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 14 დეკემბერს ცალ-ცალკე გაკეთებულ განცხადებებში.
”ევროკავშირმა მიიღო ინფორმაცია 12 დეკემბერს საქართველოს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ”საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ. ევროკავშირი არ აღიარებს იმ საკონსტიტუციო და საკანონდემბლო ბაზას, რომლის ფარგლებშიც არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის მიერაა აღიარებული,” – განაცხადა ევროკავშირმა.
”ამერიკის შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს 12 დეკემბერს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ”არჩევნების” ჩატარების გადაწყვეტილების გამო და არ აღიარებს არც მის კანონიერებას, არც მის შედეგებს. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში,"- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 14 დეკემბერს მიულოცეს სერგეი ბაღაფშს ”დამოუკიდებელი” აფხაზეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა.
This post is also available in: English Русский