skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა ომბუდსმენის მოხსენება განიხილა

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტმა დღეს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მოუსმინა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2009 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ.

ანგარიშში მოყვანილია ფაქტები, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა ყოფილი ობუდსმენის, სოზარ სუბარის მმართველობის დროს აღნუსხა.

”შეურაცხყოფად მიმაჩნია, რომ ამბობენ, რომ ეს არის ადრე მომზადებული ანგარიში. ანგარიში დაიწერა ჩემი [სახალხო დამცველის პოსტზე სექტემბერში] მისვლის შემდეგ,”- განუცხადა ტუღუშმა დეპუტატებს.

მან ასევე ახსნა ის გარემოება, თუ რატომ არ არის მის მოხსენებაში მოხვედრილი არცერთი იმ ოპოზიციონერი აქტივისტის დაკავების ფაქტი, რომლებიც გაზაფხულის საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ”პოლიტპატიმრებად” იწოდებიან. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმეები სახალხო დამცველის აპარატისთვის საანგარიშო პერიოდში  – 2009 წლის 31 მაისამდე – ”არ მოუწოდებიათ”. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად აპარატი ამგვარ ორ საქმეს სწავლობს, რაც მომდევნო ანგარიშში აისახება.

ტუღუშმა საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა იმ ძირითად დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გაზაფხულზე ოპოზიციური საპროტესტო აქციების მსვლელობისას, მათ შორის დაასახელა სამართალდამცავის მიერ სახალხო  დამცველის მონიტორის ცემის კონკრეტული ფაქტი. მისი თქმით, ”კანონსაწინააღმდეგო იყო” სამართალდამცავთა მხრიდან 6 მაისის აქციაზე არალეტალური იარაღის გამოყენება – ეს იარაღი ივლისში დაკანონდა; ასევე ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს, ხშირად სამართალდამცავთა თანდასწრებით; 15 ივნისის აქციაზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა დაიწყო რა აქციის დარბევა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.

”პოლიციის მიერ ძალის გადამეტება სისტემურ ხასიათს იღებს,”- განაცხადა ტუღუშმა და დასძინა, რომ ამ ფაქტების გამოძიება პროკურატურის მიერ ”სწრაფად და ეფექტურად არ ხდება”.

სასამართლო სისტემაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის; დაცვის უფლების სრულფასოვნად გამოყენებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდების სასარგებლოდ მხარეთა არათანაბარი პირობებში ჩაყენების პრაქტიკას.

სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარ პრობლემად ტუღუშმა ციხეების გადატვირთულობა და არასათანადო, ხშირად ”არადამიანური მოპყრობის” ტოლფასი პირობების არსებობა დაასახელა. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაცია და ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ამუშავებაა.

”ჩვენი მიზანი არ არის კრიტიკა და ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნა, ჩვენი სურვილია ამ სისტემაში ვითარების გამოსწორება,” – განაცხადა მან.

სახალხო დამცველის თქმით, ”პოზიტიური ძვრებია” ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კუთხით, თუმცა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება ქართული ენის არცოდნა.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში ვითარება გაუარესდა რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით იმ პროგრესის ფონზე, რაც მანამდე არსებობდა. ტუღუშის თქმით, იეღოვას მოწმეებზე თავდასხმის 12 ფაქტია ცნობილი მისი აპარატისთვის.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის გია არსენიშვილის ინფორმაციით, ობუდსმენის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლის ბოლომდე მოისმენენ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რომელიც სოზარ სუბარის ომბუდსმენობის დროს იქნა წარდგენილი, პარლამენტმა არ განიხილა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button