
ბურჯანაძის წყნეთის აგარაკს მყიდველი არ გამოუჩნდა
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის კუთვნილ აგარაკს წყნეთში დღევანდელ აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, განმეორებითი აუქციონი ორ კვირაში გაიმართება.
”ფასი შესაძლებელია განახევრდეს უკვე და იმ შემთხვევაში, თუ მეორე აუქციონზეც არ იქნება მყიდველი, უკვე შეუძლია სახელმწიფოs ნატურით წამოიღოს ეს ქონება,”- განაცხადა მან.
წყნეთის აგარაკი 2008 წლის მაისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მის ყოფილ მოკავშირეს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად – გადასცა ”პარლამენტარიზმის და დემოკრატიის განვითარებაში” შეტანილი წვლილისათვის.
სახელმწიფოს მიერ 12 109 997 ლარად შეფასებულ აგარაკს გადასახადების და საურავების სახით 1 251 487 ლარი ჯარიმის სახით დაერიცხა. ბურჯანაძემ ამ დავალიანების მოხსნის სარჩელით სასამართლოს მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა. ბურჯანაძის მხარის განცხადებით, თავდაპირველად აგარაკი 2.8 მლნ ლარად იყო შეფასებული, თუმცა ეს თანხა ბურჯანაძის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ხელოვნურად გაზარდეს მეტი გადასახადების ამოღების მიზნით.