skip to content
ახალი ამბები

საგარეო უწყება სამხრეთ ოსეთში მედვედევის ვიზიტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ცხინვალში წარმოადგენს ”ცინიკურ მცდელობას,  მიმართულს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციისაკენ”.
 
”მსგავსი უპერსპექტივო ქმედებებით რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს მსოფლიოს ვირტუალრი რეალობა, რითაც იგი უპირისპირდება საერთაშორისო თანამეგობრობას და კიდევ უფრო აღრმავებს იმ უფსკრულს ცივილიზებულ მსოფლიოსთან, რომელიც წარმოიქმნა გასული წლის აგვისტოში,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში, ”მედვედევის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში წარმოადგენს რუსეთის მიერ საერთაშორისო საზოგადოებრიობის აშკარა გამოწვევას და კიდევ ერთ დადასტურებას იმისა, რომ რუსეთი არაფრად აგდებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს”.

საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისი იმედოვებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ”რუსეთის სამართლებრვ სივრცეში დასაბრუნებლად, რაც პირველ რიგში გულისხმობს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესრულებასა და საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების დეოკუპაციას”. 

”მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიცია… გახდის შესაძლებელს თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მთლიანად კავკასიის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზიცია და დაძაბულობის ესკალაცია, რომლისკენაც მიმართულია კრემლის პოლიტიკა,” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button