ახალი ამბები

ბურჯანაძემ პატრიარქთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პატრიარქს არ მოუწოდებია ოპოზიციის ლიდერებისთვის ბრძოლის შეწყვეტისკენ.

ბურჯანაძე დღეს ლევან გაჩეჩილაძესთან და მის ძმასთან გიორგი გაჩეჩილაძესთან ერთად პატრიარქს შეხვდა. მან კომენტარი გააკეთა შეხვედრის ფორმატზე და აღნიშნა, რომ ”პრობლემა” არ არის, რომ შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერების სრული შემადგენლობა არ ესწრებოდა.

”სიმართლე რომ გითხრათ, მე რომ მივედი, ასევე არ ვიცოდი ვინ იღებდა მონაწილეობას შეხვედრაში,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”მე პიროვნულად ვიყავი მიპატიჟებული და არა ვთქვათ მაინცდამაინც როგორც პარტიული წარმომადგენელი”.

”იმიტომ, რომ მე არაერთხელ მქონია პატრიარქთან საუბრის შესაძლებლობა და მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ დღეს დავუდასტურე პატრიარქს უდიდესი პატივისცემა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”ამავდროულად კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ ბრძოლას და ნამდვილად არ მომისმენია პატრიარქისგან არანაირი იმდაგვარი ნათქვამი, რომ შეწყვიტეთ ბრძოლა და არ გააგრძელოთ ბრძოლაო. მას მიაჩნია, რომ სიმართლისთვის ყველამ უნდა იბრძოლოს ისე, როგორც მისი შინაგანი რწმენა კარნახობს”.

გუშინ სამებაში ოპოზიციის მხარდამჭერების მისვლის შემდეგ, სადაც ასევე მივიდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პატრიარქმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს მოუსმინონ ერთმანეთს, უარი თქვან კატეგორიულობაზე და ამპარტავნებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების ცვლის არსებულ გამოცდილებას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

Back to top button