ახალი ამბები

ნოღაიდელის ანტიკრიზისული გეგმა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 14 მაისს წარმოადგინა მისი პარტიის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც, მისი თქმით, ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს ქვეყნისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისის და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.

ნოღაიდელი, რომელიც საპროტექტო აქციების ორგანიზატორებს შორის არ არის, ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს შესრულება გეგმის, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციით ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე გადაყვანას; პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას, რადგან ”ქვეყანას სჭირდება განახლებული მანდატის მქონე ხელმძღვანელობა” და 2009 წლის ბოლომდე ყველა დონის  – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჩატარებას.

”საზოგადოებას უნდა მიეცეს დრო არაემოციურ ფონზე გააკეთოს არჩევანი, ქვეყნის უკეთესი მომავლისა და განვითარებისათვის,”- ნათქვამია გეგმაში.

ამავე დოკუმენტით ნოღაიდელი მოუწოდებს ხელისუფლებას შეცვალოს საარჩევნო სისტემა, კომისიები და საარჩევნო ბარიერი დაწიოს 5%-დან  2%-მდე.

გეგმა ასევე ითვალისწინებს სატელევიზიო სივრცის დაცვას ”ხელისუფლების დიქტატისაგან”, მათ შორის სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმების შექმნის გზით.

”უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი სამეთვალყურეო საბჭო, მასში უმრავლესობას უნდა წარმოადგენდნენ პარტიული პარიტეტით დაკომპლექტებული ოპოზიციური პარტიები, ხოლო არხის ხელმძღვანელს ხელისუფლების წარდგინებით დანიშნავს სამეთვალყურეო საბჭო,”- ნათქვამია გეგმაში.

ნოღაიდელის პარტია ასევე მოუწოდებს ”უკანონო პატიმრების” გათავისუფლებისკენ; ხოლო ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების კონტექსტში მოუწოდებს ”შეწყდეს მილიტარისტული რიტორიკა”; განახევრდეს თავდაცვის სამინისტროს და შსს-ის ბიუჯეტები; გაუქმდეს ”პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისა და ბიზნესის რეკეტირების იარაღად ქცეული” ფინანსური პოლიცია; და გაუქმდეს მოგების გადასახადი.

”სააკაშვილს და მის გარემოცვას უნდა ესმოდეს, რომ დიალოგზე გაუთავებელი ლაპარაკის ნაცვლად, აუცილებელია ქვეყნის გადასარჩენად გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღება,”- აცხადებს მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.

Back to top button