skip to content
ახალი ამბები

ნათელაშვილი ვიზაზე უარის გამო ბრიტანეთის საელჩოს უპირისპირდება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში მას ვიზაზე ”პოლიტიკური მოტივებით” და ”სააკაშვილის ტერორისტულ რეჟიმთან უდაო შეთანხმებით” უარი უთხრა.

”ამის გამო ვწყვეტთ ყოველგვარ ურთიერთობას დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან საქართველოში, სანამ არ მივიღებთ ოფიციალურ ბოდიშს და საქართველოდან არ იქნება გაწვეული როგორც დღევანდელი ელჩი, ასევე კონსული,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტების ლიდერმა.

მან ასევე ბრიტანეთის საელჩო საქართველოს ხელისუფლებასთან კორუფციულ ურთიერთობებში დაადანაშაულა.

”ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის წინაშე ასევე ვაყენებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, ვისი მეშვეობითაც იმართება მათი ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციების შემარცხვენელი,  საქართველოს ხელისუფლებასთან კორუფციულ ურთიერთობაში მყოფი საელჩო საქართველოში,”- განაცხადა მან.

ბრიტანეთის საელჩომ ნათელაშვილის სავიზო პრეტენზიებზე პასუხისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ ”ინდივიდუალური ვიზების გაცემაზე” კომენტარს არ აკეთებენ.

ლეიბორისტების ლიდერმა ადრეც გააკრიტიკა ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩები და მათ ნოემბერში ”სააკაშვილის ლობისტური კანტორების” წარმომადგენლები უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button