skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა პუტინის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ”ტყუილა ამადლის” საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას.

ეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მოახსენა, რომ საქართველო მთლიანად აზერბაიჯანიდან შემოსული აირით მარაგდება და მაგისტრალურ გაზზასენზე დღეს მომხდარმა დაზიანებამ მხოლოდ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტზე იქონია გავლენა.  

8 იანვარს ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთან არსებული პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, რუსეთი კვლავაც ამარაგებს მას გაზით.

”ღმერთმა სულ მაგ სიმართლით ატაროს პუტინი და მისი მთავრობა როგორც ჩვენ ვმარაგდებით მისი გაზით ახლა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ მას შემდეგ შეძლო ენერგორესურსების დივერსიფიცირება, რაც ”პირველი შეტევა განხორციელდა 2005 წელს სწორედ ენერგოშანტაჟის კუთხით”, როცა მაგისტრალურ გაზზსადენზე მომხდარი ავარიის მიზეზით რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა საქართველოს. 

”ტყუილა გვამადლის ჩვენ პუტინი, რომ ჩვენ რაღაცას გვაძლევს. რუსეთისგან ჩვენ არაფერს არ ვიღებთ, როგორც ზუსტად დავადგინეთ. ჩვენ მოვახერხეთ დივერსიფიცირება ჩვენი გაზის და ენერგეტიკის რესურსების იმის, გამო რომ წინასწარ დავიწყეთ ფიქრი,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

”როგორც ამ უკრაინის შემთხვევამ ანახა, გეოპოლიტიკური რისკებისგან და შანტაჟისგან პრაქტიკულად არავინ არ არის ევროპაში დაცული,”- განაგრძო მან, ”ზაფხულში საქართველო იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ახლა არის მთელი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა [გაზმომარაგების შეწყვეტის გამო]”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button