ახალი ამბები

საქართველოს ბანკმა OPIC-სგან 39 მლნ აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

საქართველოს ბანკმა განაცხადა 29 დეკემბერს, რომ აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო სააგენტოსგან – OPIC – 39 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური პაკეტი მიიღო.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა ენუქიძემ განაცხადა, რომ პაკეტი გააფართოვებს ბანკის მიერ სესხების გაცემის შესაძლებლობებს. 

დაფინანსება არის OPIC-ის 176 მილიონიანი პროექტის ნაწილი, რომლის შესახებაც კორპორაციამ ოქტომბერში განაცხადა საქართველოში შვიდი პროექტის დაფინანსების ფარგლებში.

176 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში, OPIC-მა და საქართველოს მეორე უმსხვილესმა ბანკმა TBC Bank-მა ოქტომბერში ხელი მოაწერეს მემორანდუმს 40 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე გრძელვადიანი იპოთეკური სესხების და მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.

იმავდროულად, საქართველოს ბანკმა და TBC Bank-მა დაადასტურეს, რომ ორივე მათგანს მოუხდათ თანამშროლების შემცირება. ეს მათი თქმით უკავშირდება სესხების გაცემის შემცირებას, რაც თავის მხრივ ბანკების მხრიდან გამკაცრებული საკრედიტო პოლიტიკის და კლიენტების მხრიდან მოთხოვნის კლებით არის განპირობებული. 

საქართველოს ბანკის თქმით, მან თანამშრომელთა რაოდენობა 830-ით შეამცირა, ძირითადად საცალო მომსახურეობის სექტორში, რაც ბანკის მთელი პერსონალის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. 

TBC Bank-მა განაცხადა, რომ 300 თანამშრომელი დაითხოვა, რაც ბანკის მთლიანი პერსონალის 10%-ს შეადგენს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკი კიდევ აპირებს თანამშრომლების შემცირებას.

ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორები საქართველოს საბანკო სექტორის დასახმარებლად 850 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადეს. საერთო ჯამში დონორებმა საქართველოსთვის 4.5 მილიარდი დოლარის დახმარების პირობა დადეს. 

”საბანკო სექტორმა გაუძლო [აგვისტოს] კონფლიქტის პირდაპირ ზემოქმედებას, თუმცა კვლავ რჩება მოკლევადიანი პოსტ-კონფლიქტური გამოწვევები,” – ნათქვამია საჭიროებათა შეფასების მოხსენებაში, რომელიც დონორებს ბრიუსელის კონფერენციაზე წარუდგინეს.

წამყვან ქართულ ბანკებს 500 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალდებულებები აქვთ გადასახდელი 2009 წლის პირველ ნახევარში. 

მსოფლიო ბანკის შემფასებელი ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჭიროა საბანკო სისტემის რეფინანსირება, რათა ბანკებს საშუალება ქონდეთ შეასრულონ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და ამავე დროს განახორციელონ ზრდისთვის საჭირო ღონისძიებები. ამ მიზნებისთვის, მოხსენების თანახმად, სავარაუდოდ სულ 700 მილიონ აშშ დოლარი იქნება საჭირო 2009 წლის განმავლობაში.

საქართველოში სულ 22 კომერციული ბანკია. მათ შორის საქართველოს ბანკს მთლიანი აქტივების კუთხით ბაზრის 32.9% უკავია; მას მოყვება TBC Bank-ი – 23.7%-ით; ბანკი რესპუბლიკა-სოსიეტე ჟენერალ – 7.9%; პროკრედიტბანკი – 7.4%; VTB და ქართუ ბანკი – თითო 5%-ით; დანარჩენი ბანკების წილი, ერთად აღებული, 18%-ს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button