skip to content
ახალი ამბები

New York Times-ი პენტაგონის მიერ ქართული ჯარის შეფასების შედეგებზე იუწყება

საქართველოს შეიარაღებული ძალები ცუდი მართვის და არაკვალიფიციური ხელმძღვანელობის პრობლემის წინაშე დგას, იტყობინება New York Times-ი პენტაგონის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გაკეთებულ კონფიდენციალურ შეფასებაზე დაყრდნობით.

New York Times-ი იტყობინება, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს აკლიათ ”დოქტრინა, ინსტიტუციური მომზადება და გამოცდილება, რაც საჭიროა ეფექტური მართვისა და კონტროლისთვის”.  

გაზეთი ასევე იტყობინება იმავე შეფასებით მოხსენებაზე დაყრდნობით, რომ თავდაცვის სფეროში ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესი ”ეფუძნება პირად ურთიერთობებს და არა განათლებას, მომზადებას ან მიღწევების შეფასების რაიმე კრიტერიუმებს”.

New York Times-ი აღნიშნავს აშშ-ის სამხედრო ოფიცრის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ქართველ სამხედროებთან მუშაობდა და ასევე იცნობდა პენტაგონის შეფასებით მოხსენებას, რომ ამერიკულმა შეფასებითმა ჯგუფმაც აღმოაჩინა, რომ საქართველოს გააჩნია პრობლემები სამხედრო დაზვერვაში და ინფორმაციის შეგროვებას და შემდგომ ამ ინფორმაციის გაცვლას სხვადასხვა უწყებებს შორის არ აქვს ორგანიზებული ხასიათი.

”ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ომში აღმოჩნდნენ ჩართულნი არის ის, რომ მართვისა და კონტროლის სისტემაში ქაოსია,” – განაცხადა ამერიკელმა ოფიცერმა. ”ისინი ვერ ამუშავებენ და ვერ აანალიზებენ სტრატეგიულ ინფორმაციას, ხოლო ამ ინფორმაციის გადაწყვეტილებების მიმღებთათვის გადაცემას სისტემური ხასიათი არ გააჩნია”.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელმძღვანელობამ შეიარაღებულ ძალების სარდლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის მეთაურის შეცვლის ჩათვლით. New York Times-ის მტკიცებით ეს ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც პენტაგონის ანგარიში პრეზიდენტ სააკაშვილს გააცნეს.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ერიკ ედელმანმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ პენტაგონი აპირებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შეფასებას ”საქართველოს ლეგიტიმური საჭიროებების დადგენის მიზნით”.

”ამ საჭიროებების შეფასებების შემდეგ, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და შეიარაღებული ძალების რეკონსტრუქციაში,” – განაცხადა მან. ”ეს ნაბიჯები თანმიმდევრული იქნება და გაგრძელდება აშშ-ს მხარდაჭერის საჩვენებლად საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button