
სააკაშვილი დასავლეთს რუსეთის ქმედებისადმი მტკიცე პასუხისკენ მოუწოდებს
თუ საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი საქართველოში რუსეთის ქმედებებზე ”არ იქნება მტკიცე, მოსკოვი გააგრძელებს მოქმედებას, რათა დაშინებით ან ძალის გამოყენებით გადააკეთოს რეგიონის რუქა,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სტატიაში, რომელიც Wall Street Journal-მა გამოქვეყნა.
”მტკიცე პასუხის გაცემა პუტინი-მედვედევის ხელისუფლებისთვის არ გულისხმობს არც რუსეთის იზოლაციას და არც მის მიტოვებას; ამის მიღწევა შესაძლებელია რუსეთთან სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობით, მაგრამ ამავე დროს ამგვარი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს იმასაც, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე. მოსკოვმა პატივი უნდა სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს და სრულად გაიყვანოს საკუთარი ძალები აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე. მან ევროკავშირს მონიტორინგის შეუზღუდავი საშუალება უნდა მისცეს და იგი უნდა გახდეს იმ საერთაშორისო კონსენსუსის ნაწილი, რომელიც ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად აღიარებს. ამგვარი ქმედებები არ არის აგრესიული. ისინი მხოლოდ აუცილებელია იმპერიული რეჟიმის შესაკავებლად,” – წერს სააკაშვილი სტატიაში, რომლის სათაურია – ”საქართველო თავს იცავდა”.
სტატიაში საქართველოს პრეზიდენტი იმეორებს იმ მოსაზრებებს, რომლებზეც მან 28 ნოემბერს აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოთქვა. მან გაიმეორა, რომ უბრძანა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საცეცხლე პოზიციები ჩაეხშოთ და რუსული სამხედრო კოლონების წინსვლა შეჩერებინათ ”როგორც ამას ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ლიდერი გააკეთებდა და რასაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვდა ჩემგან, რომ გამეკეთებინა ქვეყნის დასაცავად”.
მისი თქმით, ბოლო დროს საერთაშორისო თანამეგობრობაში მუსირებს ერთი შეკითხვა – უპასუხისმგებლოდ მოიქცა თუ არა საქართველოს ხელისუფლება როდესაც ცხინვალის დაკავება გადაწყვიტა?
”ამ შეკითხვის წინ წამოწევას მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო აგრესიულმა, მრავალმილიონიანმა რუსულმა PR კამპანიამ, რომელიც ეფუძნება ეუთის სამხედრო დამკვირვებლის მიერ გაჟონილ, არასრულყოფილ და არაზუსტ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველომ სამხედრო ძალა გამოიყენა, მაშინ როდესაც რუსეთის მხრიდან არასაკმარისს პროვოკაციას ქონდა ადგილი. იმ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო დროს მედიით ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს კამპანია წარმატებული აღმოჩნდა,” – წერს სააკაშვილი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა საერთაშორისო გამოძიებისთვის, რომლის დროსაც ”ნებისმიერი მტკიცებულების და ნებისმიერი მოწმე” ხელმისაწვდომი იქნება. ”რუსეთმა ჯერ კიდევ უნდა განაცხადოს თანხმობა გამოძიების ამგვარ პირობებზე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
სტატიაში სააკაშვილი ასევე წერს საპარლამენტო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ ”ეს იყო პირველი შემთხვევა ამ რეგიონში, როდესაც სახელმწიფოს ლიდერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დაიკითხა საკანონმდებლო ორგანოს გამოძიების მიერ მისი ომისდროინდელი გადაწყვეტილებების გამო.”
კომისია, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია,” 23 მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსანის მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე დასკვნებს მოამზადებს.
კომისიის საქმიანობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას ისახავდა მიზნად კიდევ ერთი სტატია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ Daily Telegraph-ში გამოაქვეყნა და რომლის სათაურია ”ომის ფერფლიდან უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია აღმოცენდება.”
”რუსეთის მიერ აგვისტოში განხორციელებულ აგრესიას ბევრი ცუდი შედეგი მოყვა,” – წერს ბაქრაძე. ”მაგრამ იმედისმომცემი ის არის, რომ ომმა ჩვენ მოგვცა მიზეზი და შესაძლებლობა დამავტკიცოთ ჩვენი ვალდებულება დემოკრატიული განვითარების გზაზე – და ეს ვალდებულება ყველასთვის თვალსაჩინო გახდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ჩვენი საპარლამენტო კომისიის წინაშე წარსდგა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)