სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსულ ბაზის ფორმირება 2010 წელს დასრულდება
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე – ცხინვალსა და ჯავაში – მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის განთავსება 2010 წლისთვის დასრულდება, იუწყება 25 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი რეგიონში რუსული კონტიგენტის მეთაურობის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
”რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მეოთხე სამხედრო ბაზა 3 700 ადამიანის შემადგენლობით, რომელსაც უხელმძღვანელებს პოლკოვნიკი ალექსანდრე იგნატენკო,”- განაცხადა მან.
ამავე ცნობით, ბაზის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ სისტემაში ჩაერთვება ასევე სამხრეთ ოსეთის სამხედრო კომენდატურაც.
რუსი სამხედროს ცნობით, ამჟამად სამხრეთ ოსეთში რუსული კონტიგენტი წარმოდგენილია 693-ე მოტომსროლელი ბრიგადით, ”რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება მე-4 სამხედრო ბაზა”.
მან ასევე დაასახელა ის პუნქტები – ცხინვალი, სოფლები: პერევი, ოკონა, დვანი, გუჯაბაური, ერგნეთი, ფრისი, ერედვი, ღრომი, მოსაბრუნი და მონასტერი – სადაც ამჟამად რუსული საგუშაგოებია განთავსებული ”სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)