ახალი ამბები

პოლიტიკოსები ბურჯანაძის შეკითხვებზე კომენტარს აკეთებენ

მმართველმა პარტიამ მოუწოდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს აგვისტოს მოვლენებზე შეკითხვები პარლამენტში არსებული დროებით კომისიის ფორმატში დასვას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კი ბურჯანაძეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა შეახსენეს.

”ჩვენ მოუწოდებთ ყველას ვისაც აინტერესებს, ვისაც შეკითხვები აქვს, ვისაც მოსაზრებები აქვს მობრძანდეს და ითანამშრომლოს  კომისიასთან,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ”სიმართლის გარკვევის გზა არის სწორედ თანამშრომლობა და არა გვერდზე გადგომა”.

დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ ყოფილ თანაგუნდელებს აგვისტოს ომის შესახებ 1 ოქტომბერს წერილობით გაუგზავნა 43 მწვავე შეკითხვა და მათზე პასუხების გაცემა საჯაროდ მოითხოვა.

”სამწუხაროა, რომ ეს ურთიერთობა რაღაც წერილობით, ეპისტოლარულ ჟანრში გადავიდა,” –  აცხადებს პავლე კუბლაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ”ქალბატონ ნინოსაც ნებისმიერ სხვა პირსაც შეუძლია ამ კომისიის სხდომაზეც მოვიდეს და ყველა კითხვაზე ნებისმიერ დროს მიიღოს პასუხი”.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის განაცხადებით, აგვისტოს მოვლენებზე კითხვის დასმა სრულიად ლეგიტიმურია.

”თუმცა ერთ რამეს დავძენ, რომ კარგი იქნებოდა სააკაშვილისათვის და ამ ხელისუფლებისათვის საჯაროდ კითხვების დასმის რეჟიმი ქალბატონ ბურჯანაძეს, ბატონ ნოღაიდელს, ბატონ კიწმარიშვილს და სხვებს ცოტა ადრე დაეწყოთ, დაუშვათ თუნდაც ექვსი თვით ადრე. იქნებ ეს უბედურებები არ მომხდარიყო,”- აღნიშნა მან.

კონსერვატორების წარმომადგენელი კახა კუკავა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა ნინო ბურჯანაძესაც ეკისრება.

”ნამდვილად არ დამვიწყებია არც 7 ნოემბერი და არც 5 იანვარი, რომელზეც პასუხისმგებლობა ამ ადამიანებსაც ეკისრებათ,”- განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს.

მისი თქმით, ხელისუფლებისაგან ცნობილი სახეების ჩამოშორების პროცესი გაგრძელდება, ”სანამ სააკაშვილის ირგვლივ არ დარჩება მარტო ახალაია, მერაბიშვილი, ბოკერია და კიდევ რამოდენიმე ადამიანი”.

”საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ რაღაც კულუარულ ღამის შეკრებებს ესწრებიან ხშირ-ხშირად [დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი] გელა ბეჟუაშვილი  და გია ბარამიძე,”- განაცხადა კუკავამ.

გიორგი ბარამიძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ამ განცხადებას ”არასერიოზული” უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button