ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: სააკაშვილი საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენებიდან გაკვეთილი ვერ გამოიტანა და ის ”კვლავ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის”.

ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ სააკაშვილის სტატიის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც Washington Post-ში 23 სექტემბერს გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილი ”ტყუის”, როცა აცხადებს რომ მას არ დაუწყია ომი და ”თითქოს რუსეთის დაესხა თავს საქართველოს”.

”სააკაშვილს არასოდეს ეყოფა ვაჟკაცობა აღიაროს რეალობა: მან წამოიწყო დანაშაულებრივი ომი, რის შედეგადაც საკუთარი ხელებით საბოლოოდ დაღუპა თავისი ქვეყანა და ასობით და ათასობით ოსები და ქართველები,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილი თავს არიდებს იმის ხაზგასმას, რომ მან ექვს-პუნქტიანი გეგმით აიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების ვალდებულება.

”თუმცა, სააკაშვილისთვის ვალდებულებების დარღვევა ჩვეულებრივი საქმეა. რუსულ მხარეს ამ თვალსაზრისით მასთან ურთიერთობის საკმაოდ მწარე გამოცდილება აქვს,”- ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ რუსეთი მიმართავს ევროკავშირს, როგორც  ძალის არ გამოყენების შესახებ პრინციპის გარანტორს, გაითვალისწინოს ”სააკაშვილის უუნარობა შეთანხმების მიღწევის მიმართ”.

”საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობაზე რეალისტური (და არა ”ვარდისფერი სათვალეებით”) ხედვა – ჩვენი ევროპელი პარტნიორების მისიის წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის საქართველოს რთულ რეგიონში თავისუფლების შუქურას უწოდებს, მისი ”რეჟიმი ავტორიტარულია, არჩევნები ტარდება უხეში დარღვევებით, სამოქალაქო საზოგადოება დაშინებულია, ოპოზიციას ხელი არ მიუწვდება მედიაზე, ხოლო მოქალაქეები მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ ალტერნატიული ოფიციალური ინფორმაცია, მათ შორის რუსული არხებისა და ინტერნეტ-საიტების ბლოკირების გამო”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button