
ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოულოდნელად განაცხადა , რომ მიიღო გადაწყვეტილება არ იყაროს კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა აღნიშნა, რომ აგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის არჩევამდე.
”ნამდვილად არ ვაპირებ ოპოზიციაში წასვლას,”- განაცხადა მან დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე, ”ამას არ უნდა მოჰყვეს პოლიტიკური, მითუფრო სახელმწფოებრივი კრიზისი”.
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ”გაგებით” შეხვდა მის გადაწყვეტილებას.
თუმცა მან არ დამალა გაღიზიანება იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის შედგენისას უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, რადგან მას ახალი სახეებით გუნდის განახლების საშუალება არ მიეცა.
”ძალზედ სერიოზული, ხანგრძლივი და არა მარტივი კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ტრაგედია არ არის,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”მე ვცდილობდი საპარლამენტო სიაში მოხვედრილიყვნენ ახალი ადამიანები, ახალი სახეები, რომლებიც ჩემის აზრით, ნამდვილად გამოადგებოდნენ ქვეყანას, კიდევ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებში ჩაებმებოდნენ, ჰუმანურს გახდიდნენ რეფორმებს”.
ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კორექტირებას მოითხოვს, რაც ”სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოსწორებული”, თუმცა დასძინა, რომ ქვეყანა ”სტრატეგიულად სწორი მიმართულებით” ვითარდება.
”მე მჯერა და მჯეროდა, რომ ჩვენ საკმარისზე მეტი გაკვეთილი მივიღეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ შემდგომ პოლიტიკაში უნდა ასახულიყო,”- აღნიშნა მან, ”ასევე ვთვლი, რომ არჩევნები საუკეთესო გზაა განაახლო პოლიტიკური გუნდი, დასახო ახალი პოლიტიკა იმ სტრატეგიულად აბსოლუტურად სწორი მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და რისკენაც ამ ხნის განმავლობაში მივდიოდით”.
”მე მინდა ამ გუნდს ვუსურვო წარმატება, მაგრამ ამავდროულად მინდა ვუსურვო ის, რომ გათვალისწინებული იქნას ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შემდგომი რეფორმები წარმატებული იყოს,”- განაცხადა ბურჯანაძემ მმართველ პარტიასთან მიმართებაში.
მან ასევე განაცხადა, რომ არ იხსნის პასუხისმგებლობას არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.
”მე არ ვიხსნი პასუხისმგებლობას მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”ამასთან, მე არავითარ შემთხვევაში არ ვიხსნი პასუხისმგებლობას ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მოღვაწეობაზე, ყველა იმ ქმედებებზე, რომელიც განხორციელებული იქნა პარლამენტის თავმჯდომარის, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში”.
დღეს, 18 საათზე ამოიწურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს პროცედურა ბოლო წუთებში, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიარა. უცნობია მმართველი პარტიის 200-კაციანი სიის პირველი ათეული.
გავრცელებული ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე გახდეს, რომელიც ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მოიხსენია, როგორც მისი ”გუნდის წევრი”.
თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მასთან ასოცირებულმა კანდიდატებმა თავად უნდა გადაწყვიტონ გააგრძელებენ თუ არა საპარლამენტო ბრძოლას.