ახალი ამბები

თბილისი შსკ-ს ფარგლებში მუშაობას წყვეტს

თბილისს არ სურს განაგრძოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 4 მარტს.


რუსეთის მხარის წარმომადგენელი შსკ-ში იური პოპოვი 4 მარტს საქართველოში ჩამოვა და თბილისსა და ცხინვალში გამართავს მოლაპარაკებებს. თუმცა, იაკობაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მას მიიღებს არა როგორც შსკ-ს თანათავმჯდომარეს, არამედ როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.


”პოპოვი ჩემთვის წარმოადგენს რუსეთის დიპლომატიას და მას ჩვენ ვუმასპინძლებთ არა როგორც შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეს, ან მონაწილეს, ან მის ერთ-ერთ აქტიურ წევრს, არამედ როგორც რუს დიპლომატს, რომელსაც მიჰყავს მთელი რიგი საკითხები სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად შერეული საკონტროლო კომისიის განახლება იმიტომ, რომ ეს ფორმატი, როგორც ჩანს, უკვე ვეღარ აკმაყოფილებს დღევანდელ რეალობებს,” – განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა ტელეკომპანია ”მზეს”. 


ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, 29 თებერვალს, იაკობაშვილი გამოვიდა შსკ-ს ფორმატის (ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები) შეცვლის ინიციატივით. მისი თქმით, შსკ-ს ნაცვლად, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ახალი ფორმულით 2+2+2, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი.



 

მსგავსი/Related

Back to top button