ნათელაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა
გენერალურმა პროკურატურამ ჯაშუშობისთვის და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებისთვის საქმე აღძრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის და ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ , განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ 8 ნოემბერს.
ამ დროისათვის უცნობია შალვა ნათელაშვილის ადგილსამყოფელი, ცოტნე გამსახურდია კი, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება. ორივე მათგანი ფიგურირებს იმ სატელეფონო და ვიდეო ჩანაწერებში, რომელიც შსს-მ 7 ნოემბერს გაავრცელა იმის დადასტურების მიზნით, რომ ეს პირები რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდნენ.
”გუშინ გავრცელებული ფარული მიყურადების და თვალთვალის მასალის საფუძველზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ცოტნე გამსახურდია, ჯაშუშობისთვის და ასევე შეთქმულებისთვის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად,”- განუცხადა გვარამიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”იგივე მუხლების საფუძველზე ბრალდებულის სახით პასუხისმგებლობაში მიეცა შალვა ნათელაშვილი”.
”ორივე შემთხვევაში მივმართავთ კანონით დადგენილ ყველა პროცედურას, რათა მათ წაეყენოთ ბრალი,”- განაცხადა გვარამიამ.
იმავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა რუსეთის ფედერაციის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ივანე ვოლინკინის და მრჩევლის პეტრე სოლომატინის ქვეყნიდან გაწვევა.
ეს პირები და ასევე ვინმე სოკოლოვი ფიგურირებენ ფარული მიყურადების მასალებში, რომელიც გვარამიას განცხადებით, სასამართლო სანქციით, კანონიერად წარმოებდა.
”შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების სოკოლოვის, სოლომატინის და ვოლინკინის მიმართ. ჯაშუშობის ფაქტზე მიმდინარეობდა მათი ფარული მიყურადება და თვალთვალი,”- განაცხადა გვარამიამ, ”ყველა ის ადამიანი, რომელიც მათთან კონტაქტზე გამოვიდა მოხვდა ამ მასალებში”.
ფარული თვალთვალის და სატელეფონო საუბრების მასალებში ასევე ფიგურირებენ რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი, თანასწორობის ინსტიტუტის წევრი გიორგი ხაინდრავა და პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, რომლებიც სავარაუდოდ, მოწმის სახით დაიკითხებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)