ახალი ამბები

’ოპოზიცია ჩართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულში’ – მმართველი პარტიის დეპუტატები

ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულში და სამართალდამცავებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები მათ წინააღმდეგ, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.


ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც შსს-მ გაავრცელა მასალა, სადაც წარმოდგენილია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის, რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის და თანასწორობის ინსტიტუტის გიორგი ხაინდრავას საუბრები იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-ს ცნობით ”რუსეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ოპერატიული მუშაკები იყვნენ”.


”ის ჩანაწერები, რომელიც იყო გაშუქებული მედია-საშუალებებით, იძლევა აბსოლუტურ უფლებას და არის შემადგენლობა სახეზე, რომ ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების მთელი კასკადი: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისაკენ მოწოდება, ასევე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა,”- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

”მოვუწოდებთ, რომ უახლოეს პერიოდში კონკრეტული მტკიცებულებებით გამაგრებული ბრალდებებით ამ პირების მიმართ განახორციელონ შესაბამისი საპროცესო ქმედებები,” – განაცხადა ბეჟაშვილმა, ”რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ დღესაც გრძელდება რიყეზე კონსტიტუციური წეს-წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ მოწოდებები და კიდევ უფრო იმძიმებენ ის პირები დანაშაულს ქვეყნისა და ერის წინაშე”.


”ყველამ დაინახა, რომ ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი თანამშრომლობს ჩვენ მტერთან,”- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, ”ეს მოღალატეები ჩვეულებრივ მოქალაქეებს თვიანთი ბინძური მიზნებისათვის იყენებდნენ”.


”ეს კადრები ნათელს ხდის რატომ არ უნდა ოპოზიციის ნაწილს დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მოთხოვნიდან სამ მოთხოვნაზე ქვეყნის ხელისუფლება ძალიან სერიოზულად საუბრობდა, რატომ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ ვითარება ყოფილიყო მაქსიმალურად ესკალირებული,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბურჯანაძემ.


მან იმედი გამოთქვა, რომ იმ ”ჯანსაღ” ოპოზიციურ ძალებთან, რომელთაც ”კავშირი არ აქვთ ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალებთან”, გაგრძელდება დიალოგი.


იმავდროულად გრძელდება რიყეზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button