skip to content
ახალი ამბები

ხელისუფლებამ ვიდეო რგოლების ”საქართველო უკან არ დაიხევს” გაშვება დაიწყო

ქართულმა ტელეკომპანიებმა 30 ოქტომბერს განმუხურში მომხდარი ინციდენტის შესახებ ხანმოკლე ვიდეო რგოლების გაშვება დაიწყეს.


ვიდეო რგოლში, რომელიც დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ჩანს, როგორ აკავებენ რუსი სამშვიდობოები და სცემენ ხუთ ქართველ პოლიციელს; შემდეგ, ჩანს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ინციდენტის ადგილას ჩადის და გაბრაზებული ესაუბრება რუს ოფიცერს, რის შემდეგაც ქართველი პოლიციელები და რამდენიმე მოქალაქე ხელს კრავენ რუსებს და ისინი ინციდენტის ადგილიდან უკან იხევენ. ვიდეო რგოლის ბოლო ნაწილში ჩნდება წარწერა: ”საქართველო უკან არ დაიხევს”.


პრეზიდენტი სააკაშვილი განმუხურის ინციდენტს 1 ნოემბერს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო ”პროვოკაციური და ბანდიტური თავდასხმა”.


მან კონფერენციის სტუმრებს ინციდენტის ვიდეო ჩანაწერიც უჩვენა და განაცხადა, რომ გადაღებული ვიდეომასალა იმის დასტურია, თუ როგორ იქცეოდნენ რუსი სამხედროები წლების მანძილზე საქართველოს კონფლიქტურ ზონებში. სააკაშვილმა ასევე პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთები, ევროპაშიც კი, ფიქრობდნენ, რომ საქართველო განზრახ ახდენდა დაძაბულობის პროვოცირებას ყურადღების მიქცევის მიზნით. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ეს ჩანაწერი ამგვარ ეჭვებს გამორიცხავს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button