ახალი ამბები

ევნევიჩი: რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური განაგრძობს მუშაობას

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოების მეთაური სერგეი ჩაბანი განაგრძობს საკუთარი მოვალეობების შესრულება მიუხედავად ქართული მხარის მოთხოვნისა, განუცხადა რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციის საკითხებში ვალერი ევნევიჩმა ”რია ნოვოსტის”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ოქტომბერს განმუხურის ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ ჩაბანი ”არასასურველი პერსონაა” და უნდა დატოვოს საქართველო.   


”კოლექტიური სამშვიდობო ძალები აფხაზეთში თავიანთ მოვალეობებს დსთ-ს მანდატის თანახმად ასრულებენ და მეთაური დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა გადაწყვეტილებით ინიშნება,” – განაცხადა ევნევიჩმა, ”გენერალი ჩაბანი განაგრძობს თავისი მოვალეობების განხორციელებას, სანამ ახალი მეთაური დაინიშნება”.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 30 ოქტომბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჩაბანი ”უკანონოდ” ასრულებდა თავის მოვალეობებს სამშვიდობოების სარდლის პოსტზე.  


ბეჟუაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს განუცხადა, რომ ქართულ მხარეს არ მიუცია თავისი თანხმობა ჩაბანის დანიშვნასთან დაკავშირებით დუშანბეში ოქტომბრის დასაწყისში გამართული სამიტის დროს.


”ამრიგად ჩვენ ოფიციალურად ვაცნობეთ რუსულ მხარეს ჩვენი სურვილის თაობაზე, რომ ჩაბანმა დატოვოს საქართველო,” – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჩაბანის საქართველოდან გაძევების საკითხი ”ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა”.


”რამდენადაც ვიცი, ახლა იგი სოხუმში იმყოფება, სოხუმი საქართველოა და ამიტომ მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია,” – განაცხადა სააკაშვილმა.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button