
ქართულმა მხარემ უცხოელ დიპლომატებს საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს გადასცა მასალები, რომლებიც, თბილისის განცხადებით, ადასტურებს რუსეთის მონაწილეობას 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში.
დიპლომატებს ასევე გადაეცათ შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რადარის მონაცემები, სადაც დაფიქსირებულია საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 აგვისტოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან შეხვედრის შემდეგ დიპლომატების ნაწილი გაემგზავრა შიდა ქართლში, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად ინციდენტის ადგილის მოსანახულებლად.
იმავდროულად, 7 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სატელეფონო საუბრები გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიგელ ანხელ მორატინოსთან და ასევე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილდტთან.
ბეჟუაშვილმა კოლეგებს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, იტყობინება საგარეო უწყება.
რუსეთი უარყოფს რაიმე სახის კავშირს 6 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან.
This post is also available in: English