ახალი ამბები

ჯუღელი პარლამენტიდან წასვლას არ აპირებს

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ჯუღელმა 17 მაისს უარყო ვარაუდები თითქოს ის პარლამენტის დატოვებას გეგმავს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უსაყვედურა ეთნიკურ  უმცირესობებზე დამამცირებელი კომენტარების გაკეთების გამო.


ეს შემთხვევა ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს მოიცავს – ერთში შედის ჯუღელის სავარაუდო განცხადება რადიო ”უცნობთან” ინტერვიუში, ხოლო მეორე – მისი განცხადება ტელეკომპანია ”იმედისთვის” აპრილში მიცემულ ინტერვიუში.


გაზეთმა ”24 საათმა” გასულ თვეს სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გააკრიტიკა ჯუღელი იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ძველი თბილისის მაცხოვრებლებისთვის ახალი მოსაკრებლის დაწესების შესახებ ხელისუფლების ინიციატივის დაცვის დროს, სავარაუდოდ, აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ არის მიმართული ქართველების წინააღმდეგ, რადგანაც ”ამ ისტორიულ უბნებში ძირითადად სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები და სხვა ეროვნებები ცხოვრობენ”.


ტელეკომპანია ”იმედთან” ინტერვიუში ჯუღელმა განაცხადა: ”არ არის აუცილებელი, რომ მიკურტუმა ყოველთვის სოლოლაკში ცხოვრობდეს”.


ამ ბოლო განცხადების გამო ჯუღელმა ბოდიში მოიხადა. 30 აპრილს გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ”შეცდომა” დაუშვა.


”პოლიტიკოსი ვარ და ასეთი რამ არ უნდა წამომცდენოდა, პოლიტიკოსი ფრთხილი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი ვარ, პლასტელინისგან ხომ არ ვარ გაკეთებული, ადამიანებს ზოგჯერ შეცდომები მოსდით,” – განაცხადა ჯუღელმა ინტერვიუში.


17 მაისს ჯუღელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც უთხრა მას, რომ ”მე შეცდომა დავუშვი”.


თუმცა, დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს, რომ მას რაიმე საერთო აქვს  გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ განცხადებასთან, რომელიც მან თითქოს რადიო ”უცნობთან” ინტერვიუში გააკეთა. ინტერვიუს შინაარსი უცნობია.


”მე არასდროს მითქვამს რაიმე ამდაგვარი… რატომ უნდა დავტოვო პარლამენტი?” განაცხადა ჯუღელმა 17 მაისს.


”ვაპირებდი სასამართლოში მეჩივლა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისთვის [გაზეთში დაბეჭდილი სტატიის ავტორი], თუმცა გადავიფიქრე,” – დასძინა მან.


”მიჩივლოს; რატომ არ მიჩივის, თუ ფიქრობს, რომ მართალია?” განუცხადა ეკა კვესიტაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს 17 მაისს.


გავლენიანმა დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ასევე უარყვეს ვარაუდები თითქოს დეპუტატ ჯუღელზე პარტიიდან ზეწოლა ხორციელდება, რათა მან პარლამენტი დატოვოს.    


”ამის შესახებ [ჯუღელის გეგმების თაობაზე პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით] არაფერი არ მსმენია,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ, უმრავლესობის გავლენიანმა ლიდერმა. 


”ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ საქართველო არის ყველა საქართველოს მოქალაქის ქვეყანა, განურჩევლად მათი წარმოშობისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბესოც ზუსტად ასე ფიქრობს,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button