ახალი ამბები

სააკაშვილი ”სამართლიანს” უწოდებს ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაკრძალვას

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”სამართლიანი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება” უწოდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილებას.


მიხეილ სააკაშვილი დღეს იმყოფებოდა მცხეთაში, სვეტიცხოველში, სადაც ზვიად გამსახურდიას სამოქალაქო  პანაშვილი მიმდინარეობს. პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1 აპრილს დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში, პატივის ათასობით მოქალაქე მიაგებს მთელი საქართველოდან.


”განვახორციელეთ ის, რისი გადაწყვეტილებაც ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა მომხდარიყო მის სამშობლოში, საქართველოში,”, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მცხეთაში ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც მან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაახმოვანა, ზვიად გამსახურდიას ჩეჩნეთიდან საქართველოში გადმოსვენებას ეხებოდა.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ”ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავასთან ერთად იყო ეროვნული მოძრაობის სათავეებთან, მის დროს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ის გახდა აღდგენილი დამოუკიდებლობის პირობებში საქართველოს პირველი  პრეზიდენტი. ჩვენ არ გვქონდა მაშინ პოლიტიკური დამოუკიდებლობის არანაირი გამოცდილება და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ დიდი განსაცდელისა, რომელიც გამოიარა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ”.


”დღეს არის დაფიქრების და განსჯის მომენტი. დაფიქრებისა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის მთავარი არის ჩვენი ერთიანობა, ჩვენი იდენტურობა, ჩვენი ძალა არის ჩვენს ერთობაში…  ამავე დროს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, პარტიის კუთვნილებისა, პოლიტიკური წარსულისა. საქართველო ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს: რა თქმა უნდა ეთნიკურ ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ოსებს, აფხაზებს, ებრაელებს, ყველას ვინც ცხოვრობს აქ და უყვარს საქართველო,”- განაცხადა 31 მარტს მიხეილ სააკაშვილმა.


”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის საფრთხეები, რომელიც ჰქონდა ტრადიციულად საქართველოს დამოუკიდებლობას განეიტრალდეს და აღარასდროს აღარ დადგეს ჩვენი ხალხის წინაშე,”- დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button