ახალი ამბები

სააკაშვილი იაპონიაში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავს

ტოკიოში 8 მარტს იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შინზო აბესთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა იაპონიის მისწრაფებისადმი გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”კიოდო”.


ქართული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოში იაპონური საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.


პრეზიდენტი სააკაშვილი 7-11 მარტს იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 9 მარტს მიხეილ სააკაშვილი იმპერატორ აკიჰიტოს შეხვდება. ეს სააკაშვილის პირველი, თუმცა საქართველოს ლიდერის მეორე ვიზიტია იაპონიაში. 1999 წელს ექს-პრეზიდენტი შევარდნაძე ესტუმრა იაპონიას ოფიციალური ვიზიტით.


იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის დროს ორი ქვეყნის მთავრობები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც იაპონია ”მაღალ შეფასებას მისცემს საქართველოს მცდელობებს ხელი შეუწყოს თავისუფლებას და კეთილდღეობას ისეთი ინიციატივების გზით, როგორიცაა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას (სუამი) ორგანიზაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა”.


გასული წლის ნოემბერში იაპონიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში გამოსვლისას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო ასომ ისაუბრა სუამის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. მაშინ მისი მოხსენება იაპონიის საგარეო პოლიტიკის ”ახალ საფუძვლებს” ეხებოდა.


”იაპონიას მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობისთვის, ასევე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა სუამის სახელმწიფოები”, – განაცხადა მან.


”ამჟამად იაპონიას არ აქვს დამაკმაყოფილებელი დიპლომატიური ფუნქციები სუამის ქვეყნებში და ზოგიერთ სხვა რეგიონებშიც და საჭიროა, რომ ჩვენ ეს დონე გავზარდოთ რაც შეიძლება სწრაფად”, – დასძინა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ოფიციალური თბილისის განცხადებით, 2007 წელს თბილისში იაპონიის საელჩოს, ხოლო ტოკიოში საქართველოს საელჩოს გახსნა იგეგმება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button