ახალი ამბები

რუსეთი საბანკო გადარიცხვებზე შეზღუდვების დაწესებით იმუქრება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საკანონმდებლო ცვლილების შემუშავებას გეგმავს, რომელიც მთავრობას უფლებას მიანიჭებს “საგანგებო შემთხვევებში“ აკრძალოს რუსეთიდან “ზოგიერთ ქვეყანაში“ ფულადი გადარიცხვები, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა. 


“ვფიქრობ, ოთხშაბათისთვის შევიმუშავებთ ამგვარ საკანონმდებლო ცვლილებებს“, – განაცხადა გრიზლოვმა.


მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის პასუხი საქართველოში ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის დაკავებაზე.


ბოლო დროს რუსეთში გახშირდა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის და მიმომხილველის მოწოდებები საქართველოს წინააღმდეგ მეტი ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე, მათ შორის ფულადი გადარიცხვების შეზღუდვაზე რუსეთიდან, სადაც ათასობით ქართველი მუშაობს ამჟამად.


“ისინი აქ მუშაობენ და გადასახადებსაც კი არ იხდიან“, – განაცხადა გრიზლოვმა.


რუსული სააგენტოები იტყობინებიან, რომ ბოლო წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდი აშშ დოლარი გადმოირიცხა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლის დასაწყისიდან რვა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით, 219 მლნ აშშ დოლარი (67.5%) რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button