
თბილისი აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებულ ძალებში ქართველების იძულებით გაწვევას აპროტესტებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ინტენსიურად ახორციელებს ქართველი ახალგაზრდების მობილიზაციას ე.წ. “აფხაზეთის შეირაღებულ ძალებში”. საუბარია გალში მცხოვრებ ათობით ქართველი ახალგაზრდის “გაწვევაზე”, რომელიც “ხორციელდება ყოვლად უკანონო, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით“
საგარეო უწყების განცხადებით, ყველაფერი ეს ხდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდო ძალების თვალწინ.
“აღნიშნული ფაქტი კვლავ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს არ სურთ პირნათლად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს, კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის და საერთაშორისო კომპონენტით მათი ჩანაცვლების, აგრეთვე სამშვიდობო მანდატის შესასრულებლად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მხარის მოძიების შესახებ“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
დღესვე გალის რაიონის გამგებლის მოადგილემ ქართველების აფხაზურ ჯარში იძულებით გაწვევის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, თუმცა განაცხადა, რომ გალის რაიონის სოფელ ქვედა ბარღებში აფხაზური მილიციის გაძლიერებულმა რაზმმა რამდენიმე მამაკაცი დააკავა, მოგვიანებით რამდენიმე გაუშვა. ამ დრომდე დაკავებულია ორი პიროვნება.