ახალი ამბები

სოხუმში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აფხაზური მხარის პროტესტის გამო იშლება

სოხუმში 2 აგვისტოს დაგეგმილი ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აფხაზური მხარის პროტესტის გამო აღარ შედგება.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განმარტებით, აფხაზური მხარე ქართული დელეგაციის შემადგენლობას აპროტესტებს.


თუმცა მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არ დააკონკრეტა, თუ დელეგაციის რომელი წევრია მიუღებელი სოხუმისთვის. 

28 ივლისს აფხაზურმა მხარემ იმის გამო, რომ ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, ჭუბურხინჯის ოთხმხრივი შეხვედრა ჩაშალა, თუმცა მეორე დღეს ეს შეხვედრა მაინც შედგა.


“ჩვენ მოვუწოდებთ აფხაზურ მხარეს დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, – განაცხადა 1 აგვისტოს მერაბ ანთაძემ.


ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მაისში განაახლა მუშაობა, უსაფრთხოების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მუშაობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button