ახალი ამბები

ივანოვი: როტაცია როკის გვირაბის გავლით განხორციელდება

რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დღეს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში რუსი სამშვიდობოების როტაცია როკის გვირაბის მეშვეობით განხორციელდება.


ოფიციალურმა თბილისმა უკვე გააპროტესტა როტაციისათვის უკონტროლო  როკის გვირაბის გამოყენება და სანაცვლოდ რუსეთს ერთადერთი ლეგალურად მოქმედი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ყაზბეგი-ზემო ლარსის გამოყენება შესთავაზა.


“არანაირი გეგმა როტაციის გადადების ჩვენ [რუსეთს] არ გვაქვს, როტაცია განხორციელდება, როგორც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, როკის გვირაბის გავლით“, – განაცხადა სერგეი ივანოვმა 31 მაისს ბაქოში, სადაც დსთ-ს თავდაცვის მინისტრების სხდომას ესწრება.


ივანოვის განცხადებით, სამშვიდობოების თაობაზე არსებულ შეთანხმებებში მათთვის სავიზო რეჟიმის გავრცელებაზე არაფერია ნათქვამი.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც პროტესტია გამოთქმული როტაციის გამო, ნათქვამია, რომ “ყველა ე.წ. რუსი მშვიდობისმყოფელი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ვიზა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს სისხლის სამართლის დამნაშავეს“.

Back to top button