ახალი ამბები

რუსეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, საქართველო დსთ-ს დატოვებაზე მსჯელობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მან ქვეყანას კონსოლიდაციისა და “ამ საფრთხის გაცნობიერებისკენ“ მოუწოდა. პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) დატოვოს.


პრეზიდენტ სააკაშვილის მკაცრ განცხადებებს რუსეთის შესახებ, რომლებიც ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლაში გამოსვლისას გაკეთდა, წინ უძღოდა ერთი დღით ადრე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გახმოვანებული ანალოგიური რიტორიკა საქართველოს ჩრდილოელი მეზობელის მისამართით. 


რუსული საფრთხე


თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის საჭიროებაზე რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე და ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს “წვრილმანი კინკლაობის“ დასრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ღვინის იმპორტის აკრძალვის გზით, რათა გამოიწვიოს საზოგადოების უკმაყოფილება, რასაც მოყვება საქართველოში მმართველი რეჟიმის შეცვლა.


“ამ ყველაფრის მიზანი არის მხოლოდ ერთი, რომ საქართველოში იყოს შიმშილი. ეს ძალიან კარგად გაახმოვანა ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა [სააკაშვილმა მისი დასახელებისგან თავი შეიკავა]: მე არ მესმის ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში და რატომ არ ამხობს საკუთარ მთავრობას. ამის [რუსეთის პოლიტიკის] მიზანი არის ერთი: საქართველოში იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელიც არის ბოლო შანსი იმისათვის, რომ საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან მოუწოდა ქვეყანას “გამოფხიზლდეს“ და გააცნობიეროს ის საფრთხე, რომლის წინაშეც დგას.


“დღეს, ყველა ჩვენგანი, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, მიუხედავად შეხედულებებისა, მიუხედავად წარმომავლობისა, მათ შორის ეთნიკური წარმომავლობისა, ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დამოუკიდებლობა და მომავალი. დროა ყველამ გამოიღვიძოს და გადავიდეთ ამ წვრილმანი კამათიდან და ქიშპობიდან ნამდვილი საფრთხეების გაცნობიერებაზე და ნამდვილი საფრთხეების ზუსტად შეფასებაზე. ნამდვილი საფრთხე არის ის, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა; მაგრამ ჩვენ არ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე მოვახდინეთ სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. შარშან ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ზრდა 9,5%, რუსეთთან შედარებით 3,5%-ით მეტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო “ძალიან სერიოზულ გზაგასაყარზე იმყოფება“ და აქვს “ისტორიული ბრძოლა“ იმისათვის, რომ დამკვიდრდეს როგორც ევროპული სახელმწიფო. მან იქვე დასძინა, რომ რუსეთის მცდელობები მოახდინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ტერიტორიების ანექსია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. 


“ის ხალხი, ვინც ებრძვის ჩვენს ევროპულ იდენტურობას, ვინც აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ ყოველდღიურ პროპაგანდისტულ ომს მთელ მსოფლიოში, ვისაც უნდა საქართველოს წარმოჩენა, როგორც არაცივილიზებული, სუსტი წარმონაქმნის, რომელიც დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებს და მალე მაინც აღარ იარსებებს, ეს ხალხი არის დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა. ეს ის ხალხია, ვინც ყოველდღიურად აწარმოებს ჩვენი ტერიტორიის მიტაცებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილის თქმით, როცა მან ვერტმფრენით გადაუფრინა შიდა ქართლის რეგიონს – რომელიც ოფიციალურად ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს – როდესაც თბილისიდან ქუთაისში მიემგზავრებოდა, მან მიიღო შეტყობინება მობილურ ტელეფონზე, რომლის შინაარსიც იყო: “მეგაფონი [რუსეთის მობილური სატელეფონო ოპერატორი] მოგესალმებათ რუსეთში“. 


“ეს არის ანექსიის ძალიან კლასიკური მაგალითი. ეს არის სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს არაცივილიზებული ანექსია… საქართველოს ტერიტორიის მიტაცება და ანექსირება ხდება რუსეთიდან“, – დასძინა მან.


ამავე დროს, სააკაშვილის თქმით, საქართველო არ არის დაავადებული “რუსოფობიით“. 


“ჩვენ გვსურს ინტენსიური დიალოგი რუსეთთან. ჩვენ გვინდა მეგობრობა რუსეთთან, რუსეთთან, რომელიც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


მინიშნებები დსთ-ს დატოვებზე

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რადგანაც, მისი თქმით, იგი ეჭვობს, რომ საქართველო სარგებელს ვეღარ ნახულობს ამ ორგანიზაციიდან.


სააკაშვილის განცხადებით, მან დაავალა მთავრობას ორი თვის ვადაში განიხილოს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გამოსვლის შესაძლო შედეგები.


“1991 წლის ბოლოს საქართველო ოფიციალურად გახდა დამოუკიდებელი და საქართველომ უარი თქვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლაზე, როგორც ბალტიის ქვეყნებმა. შემდეგ 1993 წელს აფხაზეთის ტრაგედიის დროს მუხლებზე დაჩოქილი საქართველო აიძულეს შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მართლაც დამამცირებელი აქტი, ჩვენ ბევრი სარგებელი ვნახეთ ამ თანამეგობრობაში ყოფნით. ჩვენ მოვახერხეთ კავშირების შენარჩუნება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან… ჩვენ მოვახერხეთ სავაჭრო ქსელების აწყობა, ჩვენ მოვახერხეთ მოქალაქეთა გადაადგილების და ერთმანეთთან კავშირის შენარჩუნება… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გვქონდა პარტნიორული ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან, ჩვენი პროდუქცია იყიდებოდა რუსეთში და ბოლო ხანებში ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაფართოვდა რუსეთში“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან დღეს გადაგვიკეტეს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავჯდეთ და დავითვალოთ, ღირს თუ არა დღეს დსთ-ში ყოფნის გახანგრძლივება“, – დასძინა მან.


სააკაშვილის თქმით, საქართველო თავს შეიკავებს “ნაჩქარევი და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან კარგი ანალიზის გარეშე“.


“მე დავავალე საქართველოს მთავრობას კარგად შეისწავლონ და უახლოეს პერიოდში, მხედველობაში მაქვს რამდენიმე კვირა, შეიძლება თვე ან მაქსიმუმ ორი თვე, წარმოადგინონ ზუსტი ეკონომიკური დასაბუთება იმისა ღირს თუ არა საქართველოს დარჩენა დსთ-ში. თუ, როგორც მე ეჭვი მაქვს, სარგებლის მიღება ამ ორგანიზაციიდან საქართველოს პრაქტიკულად აღარ შეუძლია, გარდა დამცირებისა და შეურაცხყოფისა ვერაფერს ვერ იღებს, მაშინ ქართველმა ხალხმა თავის პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ეკადრება ღირსების მქონე, ფეხზე მყარად მდგარ ქვეყანას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ კონსულტაციები უნდა დაიწყოს თავის პარტნიორებთან დსთ-დან ამ საკითხზე კოორდინირებული პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით.


ზოგიერთი პარლამენტარი ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც დიდი ხანია მოითხოვენ ხელისუფლებისგან დსთ-ს დატოვებას, მიესალმა პრეზიდენტის პოზიციას. ოპოზიციონერი კანონმდებლები, რომლებიც ამჟამად პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, მზად არიან შეწყვიტონ ბოიკოტი და მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში, თუ მთავრობა ორგანიზაციის დატოვების ინიციატივით გამოვა.


დებატები დსთ-ს წევრობის თაობაზე საქართველოში მას შემდეგ განახლდა, რაც რუსეთმა 27 მარტს ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა. მანამდე არც პრეზიდენტ სააკაშვილს და არც მთავრობის წევრებს არაფერი უთქვამთ საქართველოს მიერ ორგანიზაციის შესაძლო დატოვების თაობაზე. მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდა, იმ მოტივით, რომ საქართველო გარკვეულ სარგებელს იღებდა შეთანხმებებიდან თავისუფალი გადაადგილების შესახებ (გარდა რუსეთისა) და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დსთ-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთან.    


“რუსეთმა შესაძლოა კიდევ უფრო გაუზარდოს მხარდაჭერა სეპარატისტულ რეგიონებს და ამან შესაძლოა საქართველოს საფრთხე შეუქმნას… მაგრამ გადაწყვეტილება დსთ-ს დატოვების შესახებ იქნება საქართველოს კურსის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 2 მაისს.


საქართველოს დსთ-ში წევრობის საკითხი შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის სამშვიდობო ოპერაციას აფხაზეთში, სადაც რუსი სამხედროები დსთ-ს ეგიდით არიან განლაგებულნი.


საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 11 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ ანგარიში 2006 წლის 1 ივლისისთვის უნდა წარადგინოს. თუ რუსული სამშვიდობო ოპერაცია უარყოფითად შეფასდება, პარლამენტი 2006 წლის 15 ივლისიდან მათი აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანას მოითხოვს.  

Back to top button