ახალი ამბები

რუსი და ქართველი ექსპერტები ქართული ღვინის ხარისხს ერთობლივად შეამოწმებენ

დღეს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყდა ქართველი და რუსი ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც შეამოწმებს ქართული ღვინის ხარისხს.


“გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთობლივი ჯგუფი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოვიდეს ეს ჯგუფი საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა 14 აპრილს მოსკოვში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე “ინტერფაქსის“ ოფისში.


ქართულმა დელეგაციამ, რომელიც მოსკოვში 13 აპრილს გაემგზავრა ვერ შეძლო რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმთან გენადი ონიშენკოსთან შეხვედრა, რომლის რეკომენდაციითაც 27 მარტიდან შეწყდა საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტი რუსეთში.


ონიშენკომ დღეს სანქტ-პეტერბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას შემდეგ მიიღო ღვინის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება, რაც უხარისხო ღვინის რაოდენობა რუსულ ბაზარზე  50%-ს ასცდა.


“დღეს, როცა ეს ზღვარი [სტანდარტებთან შეუსაბამო ღვინის] გადასცდა 50%-ს, ჩვენ წავედით ისეთ არაპოპულარულ ღონისძიებაზე, როგორიც არის ღვინის მთლიანი აკრძალვა ამ ორი ქვეყნიდან [საქართველოდან, მოლდოვადან]“, – განაცხადა ონიშენკომ. 


ამ მოსაზრებას არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის მინისტრი და აცხადებს, რომ რუს კოლეგებს წარუდგინეს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რომელიც ქართულ ღვინოებს სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ აღებული.


“ასევე წარვადგინეთ ჩვენი მონაცემები თუნდაც იმ პესტიციდებთან დაკავშირებით… შეიძლება ითქვას, რომ დაუმტკიცეთ, რომ ვერ მოხვდებოდა ეს პესტიციდები ამ ღვინოებში“, – განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა.

Back to top button