
მედია საქართველოდან მინერალური წყლების რუსეთში იმპორტის შესაძლო აკრძალვაზე იუწყება
ქართული მედიის ცნობით, რუსეთი ქართული მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას გეგმავს, თუმცა ინფორმაცია რუსეთის შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ვრცელება.
დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა. მისი თქმით, მინერალური წყლების აკრძალვა “კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება“ იქნება რუსეთის მხრიდან.
ზურაბ ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვა “პოლიტიკური“ გადაწყვეტილება იყო და ეს არ უკავშირდება ღვინის დაბალ ხარისხს.
“ჩვენ მივიღეთ წერილი [რუსეთის მხარისგან]და ამას მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ თითქოს ქართული და მოლდავური ღვინის ნაწილი არ შეესაბამება რუსეთის სტანდარტებს. თუ ასე იყო, მართალია მე ამაში ეჭვი მეპარება, კი არ იქნა [უხარისხო ღვინის ნაწილის] ამოღებული ბაზრიდან, არამედ მთლიანად მოხდა ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვა. შესაბამისად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა 14 აპრილს ზურაბ ნოღაიდელმა.
მისი თქმით, მოსკოვში ქართული დელეგაცია სოფლის მეურნეობის მინისტრის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან “ჩვენ გვინდა ეს საკითხი მოვაგვაროთ მოლაპარაკებების გზით, კონსტრუქციულად“.