ახალი ამბები

ახალაიამ და სანოძემ შს მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მიმართეს

დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დათა ახალაიამ და შსს–ს გენინსპექციის უფროსმა ვასილ სანოძემ განაცხადეს, რომ “საზოგადოების წინაშე მორალური პასუხისმგებლობის“ გამო თხოვნით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.


“არანაირი  წვლილი არ მიგვიძღვის იმ დანაშაულთან [სანდო გირგვლიანის მკვლელობასთან], რომელიც იყო ჩადენილი 28 იანვარს, არც ირიბი და არც პირდაპირი. ჩვენი ძალისხმევით მოხდა აღნიშნული საქმის გამოძიება,  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მავანთათვის.  მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვგრძნობთ რა მორალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში ჩვენი მთავრობის და ჩვენი ოჯახების წინაშე, და მივმართეთ შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, –  განაცხადა 13 მარტს დათა ახალაიამ.


“მოვალედ ჩავთვალე თავი, მიმემართა შს მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, – დასძინა სანოძემ.


შს პრესსამსახურის ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოლეგ მელნიკოვმაც, რომელიც ასევე ფიგურირებს გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, დატოვა თანამდებობა.

Back to top button