ახალი ამბები

თბილისი დევნილთა ქონების აღწერის მიზნით სოხუმს და ცხინვალს თანამშრომლობას სთავაზობს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გიორგი ხევიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამინისტრო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დევნილი მოსახლეობის ქონების აღწერას იწყებს და ამ მიზნით თანამშრომლობას სთავაზობს სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს.


“[სოხუმისა და ცხინვალის] წინააღმდეგობის შემთხვევაში, ეს სამუშაოები მაინც განხორციელდება“, – აცხადებს მინისტრი.


მისი ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის დასრულება თანამგზავრული გადაღებები და მიღებული მასალები შედარდება კარტოგრაფიის დეპარტამენტში არსებულ საარქივო მასალებს. შედეგად, შესაძლებელი გახდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თითოეული მოსახლის საცხოვრებელი სახლის ზუსტ მონაცემების დადგენა.


“სამინისტროს და სახელმწიფოს მიზანია ამ ადამიანებს დავუბრუნოთ ღირსება და დავუკანონოთ ქონება, რომლის დატოვებაც მათ მოუხდათ“, – განაცხადა გიორგი ხევიაშვილმა.


მინისტრის თქმით, გასულ წელს ჩატარებული აღრიცხვით დევნილთა რაოდენობა 248 ათასს შეადგენს. “თუმცა ეს ციფრი ზუსტი არ არის და ზაფხულში კიდევ ერთხელ ჩატარდება აღრიცხვა“, – განაცხადა მინისტრმა.

Back to top button