რუსეთის საგარეო უწყებაში ლიტვის ელჩი საქართველოს გამო დაიბარეს
27 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთში ლიტვის ელჩი რიმანტას შიდლაუსკასი დაიბარეს და მოთხოვეს განმარტება 22 თებერვალს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსულ–ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.
28 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლიტვის ელჩს აუხსნეს რეალური ვითარება საქართველოსადმი რუსეთის მიდგომებთან დაკავშირებით.
“აღინიშნა, რომ რუსული მხარე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებს, როგორც საქმის ფაქტიური ვითარების არაკეთილსინდისიერ შემობრუნებას და დაუშვებელ ჩარევას თბილისთან ჩვენს ურთიერთობებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.
22 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა საქართველოს ინიციატივას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის თაობაზე და მოუწოდა რუსეთს “შეწყვიტოს არამეგობრული ქმედებები“ საქართველოს წინააღმდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)