
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელიც გერმანიაში მიუნხენის 42–ე კონფერენციაში მონაწილეობს, 3 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა “პოზიტიური კუთხით ვითარდება“.
“განსაკუთრებული მხარდაჭერა მივიღეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს საკანდიდატოზე [ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP)] ამერიკელები წელს მხარს დაუჭერენ საქართველოს და ბუნებრივია, მათი მხარდაჭერა იგრძნობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს 3 თებერვალს ირაკლი ოქრუაშვილმა.
თავის მხრივ დონალდ რამფელდმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.